ზვიად ძიძიგური: გორში ხელისუფლებამ ქარი დათესა და ქარიშხალი მიიღო

ზვიად ძიძიგური: გორში ხელისუფლებამ ქარი დათესა და ქარიშხალი მიიღო

„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელის, ზვიად ძიძიგურის შეფასებით, გორში კოალიციის მიერ ჩატარებული აქცია ძალიან მნიშნელოვანი იყო და საინტერესოდ წარიმართა. ამის შესახებ ძიძიგურმა From.ge-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, გუშინ გორის მოსახლეობისთვის  ღირსეული მაჟორიტარების წარდგენის გარდა, კოალიციის ლიდერმა მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო პროგრამა წარმოადგინა.  

„ამავე დროს გუშინდელ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი თემები წამოიჭრა, ერთი - ბანკით დაზარალებული მოსახლეობის საკითხების შესწავლა და მეორე დევნილებისთვის იმ ფართების უპირობოთ დაკანონება, რომლებსაც ისინი დღევანდელ დღეს იყენებენ“, - განაცხადა ძიძიგურმა და აღნიშნა, რომ ეს წინასაარჩევნო პროგრამის მნიშნელოვანი ნაწილი იყო.

მისივე განმარტებით, ხელისუფლება პროვოკაციებით ცდილობდა მოსახლეობისთვის აქციაზე მისვლა შეეზღუდა, თუმცა აღნიშნა, რომ ამან პირუკუღმა შედეგი გამოიწვია. როგორც ძიძიგური აცხადებს, ბევრი ადამიანი შეხვედრაზე მხოლოდ კარალეთში მომხდარი ფაქტის გამო მივიდა.

„ხელისუფლებამ ქარი დათესა და ქარიშხალი მიიღო. შეხვედრაზე მოსული ბევრი ადამიანი აღნიშნავდა, რომ აქციაზე პროტესტის ნიშნად კარალეთში და სხვა სოფლებში მომხდარი პროვოკაციების გამო მივიდნენ“, - აღნიშნა ძიძიგურმა.

რაც შეეხება იმას, თუ სად გაიმართება მორიგი აქცია, კოალიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ  ამ ეტაპზე რამდენიმე ვარინატი განიხილება, გადაწყვეტილება კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.