ივანიშვილი: „ქართუ ჯგუფის“ ქონების გაყიდვით სააკაშვილმა  საერთაშორისო საზოგადოებას დაანახა, როგორ ებრძვის პოლიტიკურ ოპონენტს

ივანიშვილი: „ქართუ ჯგუფის“ ქონების გაყიდვით სააკაშვილმა საერთაშორისო საზოგადოებას დაანახა, როგორ ებრძვის პოლიტიკურ ოპონენტს

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის, სანქციები რასაც მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ  ახორციელებს ყაჩაღობაა. მისივე თქმით, სააკაშვილს დასავლელი პარტნიორების აზრიც აღარ აინტერესებს.

 „ეს ხელისუფლება რომ დამთავრდება, მის ძალაუფლებას რომ ბოლო ეღება, ამას უკვე თავად სააკაშვილიც კარგად ხედავს და გრძნობს, რადგან მისი ბოლოდროინდელი მოქმედებები ჩემი და ჩემი გუნდის წინააღმდეგ, მხოლოდ გონებაარეული კაცის ნაფიქრალი შეიძლება იყოს. სახელმწიფოს მეთაურები ასე არ იქცევიან! 

ის სანქციები, რომლებსაც სააკაშვილი ჩემ წინააღმდეგ ახორციელებს, ყაჩაღობაა, ხალხო! მას არ ენაღვლება არც კანონი, არც სამართალი, არც საზოგადოების განწყობა, და, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემია, აღარც დასავლელი პარტნიორების აზრი აინტერესებს, რასაც ამდენ ხანს მეტ-ნაკლებად მაინც უწევდა ანგარიშს.

 „ქართუ ჯგუფის“ დაყადაღებით და ქონების გაყიდვით სააკაშვილმა მთელს საერთაშორისო საზოგადოებას დაანახა, როგორ ებრძვის პოლიტიკურ ოპონენტს.

ამ ბანკის ჩამორთმევა ვერაფერს ავნებს ჩემს კაპიტალს. „ბანკი ქართუ“ ინვესტიციაა, ეს ის პროექტია, რომელიც მე ჩემი სამშობლოსა და ხალხის ხელშეწყობისათვის  განვახორციელე. ეს ბანკი მე ჩემი მოგებისთვის არ გამიხსნია!

დღეს სხვადასხვა ბანკის სესხის გამო ასობით ათას ჩვენს თანამემამულეს სიღატაკე და სახლებიდან გამოყრა ემუქრება. ჩვენ ვსწავლობთ ამ პრობლემას და აუცილებლად გამოვნახავთ ისეთ გამოსავალს, რომ ამ ხალხს დავეხმაროთ და არც საბანკო სისტემა დავაზიანოთ.

ამ მეთოდებით ჩემი დამარცხება შეუძლებელია, ჩვენი დამარცხება შეუძლებელია, რადგან ჩვენს მხარეს არის კანონი და სამართალი, რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო აღიარებს“- განაცხადა ივანიშვილმა გორში გამართულ აქციაზე.