მანანა ნაჭყებია: მიხედეთ სოფლის სკოლებს

მანანა ნაჭყებია: მიხედეთ სოფლის სკოლებს

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ ბრიფინგზე საჯარო სკოლების უკიდურესად მძიმე მატერიალურ-ტექნიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„დანგრევის პირას მისულ სოფელ ჭარნალის სკოლას, რომელიც ხელვაჩაურის რაიონში მდებარეობს, მაგრამ  სამწუხაროდ,  საქართველოში კიდევ რამდენიმე ასეული  ასეთი დანგრევის პირას მისული სოფლის სკოლაა და საბოლოოდ ჩვენი მოწოდება ასე ჩამოვაყალიბეთ: "მიხედეთ სოფლების სკოლებს!“, - განაცხადა  ნაჭყებიამ.

მისი თქმით, სოფლების სკოლების დიდი ნაწილის უკიდურესად მძიმე მატერიალურ-ტექნიკურ მდგომარეობას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს.

„ეს არის ზოგადად ხელისუფლების  დამოკიდებულება განათლების სისტემის მიმართ, რომლისთვისაც,  მიუხედავად პრიორიტეტად დეკლარირებისა, ბიუჯეტიდან მიზერული თანხაა გამომეტებული.  ეს არის სისტემის უკიდურესი ცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობების როლის პრაქტიკულად გამორიცხვა განათლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნასა და შენახვაში. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის ე.წ.ოპტიმიზაციის მცდარი და დანაშაულებრივი პროცესი, რომლის მიხედვითაც სამინისტრო ამცირებს სოფლების სკოლების რაოდენობას და ტოვებს ერთ მეტნაკლებად უკეთეს მდგომარეობაში მყოფ სკოლას რამდენიმე სოფელზე. ამის შედეგად მოსწავლეები იძულებულნი არიან რამდენიმე კოლომეტრი ფეხით იარონ“, - განაცხადა ნაჭყებიამ.

„ახალი მემარჯვენეები“ განათლების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობისგან მოითხოვენ საზოგადოებას წარმოუდგინონ ხედვა - რას აპირებს იმისთვის, რომ საქართველოს სოფლებში მოსწავლეები ამ სამარცხვინო ფარდულებსა და ქოხებში არ დადიოდნენ, რომლებსაც სკოლა ჰქვიათ და ბავშვებს  რამდენიმე კილომეტრი ფეხით არ უწევდეთ სიარული.

„პრეზიდენტის მიერ ხრეითის სკოლაში გამოხატული გაოცება და აღიარება საკმარისი არ არის. საზოგადოებას ესაჭიროება ნათელი სურათი რას აპირებს სამინისტრო ამ სერიოზული პრობლემის მოსაგვარებლად. ახალ მინისტრს ქალბატონ ხატია დეკანოიძეს დაბეჯითებით ვთხოვთ უახლოეს მომავალში გვაცნობოს რას გეგმავს სამინისტრო ამ მიმართულებით“, - განაცხადა ნაჭყებიამ.