მერია: პროექტი „დაგეგმე ბიუჯეტი თბილისის მერიასთან ერთად“ პოლიტიკური ხასიათის არასდროს ყოფილა

მერია: პროექტი „დაგეგმე ბიუჯეტი თბილისის მერიასთან ერთად“ პოლიტიკური ხასიათის არასდროს ყოფილა

თბილსის მერია აბსოლუტურ ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ პროექტი  „დაგეგმე ბიუჯეტი თბილისის მერიასთან ერთად“ პოლიტიკური ხასიათს ატარებდა

დედაქალაქის მერიის განცხადებით, ტელეკომპანია მაესტროს ეთერში, 5 ივლისს გასული გადაცემის „აკრედიტაციის გარეშე“ რესპოდენტის რუსუდან წიკლაურის განცხადება იმის შესახებ, რომ პროექტი  „დაგეგმე ბიუჯეტი თბილისის მერიასთან ერთად“ პოლიტიკური ხასიათს ატარებდა, აბსოლუტური სიცრუეა.  

„რუსუდან წიკლაური 2008 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარდგენით, 39-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრია.თბილისის მერიას, კანონის „ზოგადი განათლების შესახებ“ თანახმად  საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებში ჰყავს  წარმომადგენლები, რათა  სრულყოფილი ინფორმაცია  მივიღოთ სკოლების შესახებ და ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში დავეხმაროთ  თბილისის საჯარო სკოლებს.

 ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ისეთ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან საქმეს, როგორიც არის მომავალ თაობაზე ზრუნვა და მათ პრობლემებზე მონიტორინგი, რუსუდან წიკლაური, როგორც თავად ამბობს, ფორმალობად  მიიჩნევდა და გულგრილად ეკიდებოდა დაკისრებულ მოვალეობას. მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებში, თვითმმართველობის ერთეულის წარმომადგენლების ჩართულობით,  ეფექტური სისტემის არსებობა, რაც თბილისის საჯარო სკოლების განვითარებას ისახავს მიზნად. რუსუდან წიკლაური აგრძელებს მუშაობას სამეურვეო საბჭოში და იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში ის უფრო მეტი ყურადღებით და პასუხისმგებლობით მოეკიდება მასზე დაკისრებულ მოვალეობებს“,-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მერიის ინფორმაციით,  რუსუდან წიკლაურის განცხადება, თითქოს პროექტი პოლიტიკურ ხასიატს ატარებდა, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მერია მოსახლოების ინტერესების გათვალისწინებით ადგენს ბიუჯეტის პრიორიტეტებს.

 „გამოკითხვა თბილისის მერიის მიერ უკვე მეოთხე წელია ტარდება. კითხვარი წინასწარ ქვეყნდება თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  და მას არასდროს ჰქონია პოლიტიკური შინაარსი. თბილისის მერია თბილისის ბიუჯეტის საკრებულოში წარდგენამდე, მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით, ადგენს ბიუჯეტის პრიორიტეტებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2011 წლის ნოემბერში თბილისის მერიამ გამგეობების, მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისა და მოხალისეების დახმარებით, ყოველგვარი საბიუჯეტო ხარჯების გაწევის გარეშე, ჩაატარა გამოკითხვა. კითხვარი 28 პუნქტისგან შედგებოდა და ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ჰქონდა მოენიშნა მისთვის პრიორიტეტული საკითხები, რაც საფუძვლად დაედებოდა ქალაქ თბილისის საკრებულოში დასამტკიცებლად წარსადგენი ბიუჯეტის პროექტის ჩამოყალიბებას. მეტი თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ იმ კითხვარს, რომელიც ხელმისაწვდომი იყო და არის ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.”-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.