ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონიალი დღეს, რუსთაველის თეატრში  გაიმართება

ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონიალი დღეს, რუსთაველის თეატრში გაიმართება

დღეს,  21:30 საათზე,  რუსთაველის თეატრში ლიტერატურული პრემია „საბას“ რიგით მე-10 დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. ცერემონიალის პირდაპირი ტრანსლირება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით მოხდება. დასწრება შესაძლებელია ძველი მოსაწვევებით, რომლებიც სტუმრებს 9 ივლისისთვის დაურიგდათ. ერთი მოსაწვევით ცერემონიაზე დასწრებას  რამდენიმე ადამიანი შეძლებს. შეგახსენებთ, „საბას“ დაჯილდოების ცერემონია, მოსალოდნელი უამინდობის გამო გადაიდო და 9 ივლისს არ შედგა. დაჯილდოება ტრადიციულად „თი-ბი-სი“ ბანკის ეზოში იმართებოდა.

9 ნომინაციის მიხედვით, 2011 წლის საუკეთესო წიგნები და ავტორები გამოვლინდებიან, კონკურსის ფინალურ ეტაპზე წარდგენილია 42 წიგნი.

დაჯილდოებაზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:  წლის საუკეთესო პროზაული კრებული, წლის საუკეთესო პოეტური კრებული, წლის საუკეთესო რომანი, წლის საუკეთესო დებიუტი, წლის საუკეთესო თარგმანი, წლის საუკეთესო პიესა, წლის საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა,წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ 2003 წელს დაფუძნდა. საპრემიო ფონდი 40 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს „თი-ბი-სი“ ბანკი გადასცემს.