პროკურატურა სასამართლოსგან  „მაესტროს“ მიერ შემოტანილი ანტენების დაყადაღებას ითხოვს

პროკურატურა სასამართლოსგან „მაესტროს“ მიერ შემოტანილი ანტენების დაყადაღებას ითხოვს

მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ საქართველოში შემოტანილი დიდი ოდენობით ანტენების დაყადაღების შუამდგომლობით მიმართა. შესაბამის განცხადებას პროკურატურა ავრცელებს, რომელსაც from.ge  - უცვლელად გთავაზობთ.

„სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე, 2012 წლის 20 ივნისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დადგენილ იქნა, რომ პოლიტიკურ ორგანიზაცია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კომპანია „ელიტა ბურჯის“ ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია „მაესტრომ“  საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით ანტენები. გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნული ანტენები კვლავ გამოყენებული იქნება მოსახლეობისათვის უსასყიდლოდ გადასაცემად, იმავე სქემით, როგორც ეს უკვე განხორციელდა ბოლო დროის განმავლობაში „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სასამართლოსათვის ყადაღის გამოყენების შესახებ შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურა ასევე განმარტავს, რომ აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს წინაასარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას.