ზურაბიშვილი: მერაბიშვილმა წამგებიანად ჩათვალა მისი თანამოაზრეების ტონალობაში ივანიშვილზე საუბარი

ზურაბიშვილი: მერაბიშვილმა წამგებიანად ჩათვალა მისი თანამოაზრეების ტონალობაში ივანიშვილზე საუბარი

"როგორც ჩანს, მერაბიშვილმა წამგებიანად ჩათვალა ივანიშვილზე იმ ტონალობაში საუბარი, როგორაც მერაბიშვილის თანამოაზრეები საუბრობენ“, - ამის შესახებ, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზურაბიშვილმა საქართველოს პრემიერ - მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხდების, რომ „ბიძინა ივანიშვილს არ იცნობს, როგორც პოლიტიკოსს და იცნობს ადამიანს, რომელიც ქველმოქმედებას ახორციელებდა“ შეფასებისას განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ის ამ განცხადებაში ვერც უარყოფითს და ვერც დადებითს ხედავს, თუმცა აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრი ალბათ, ამ არგუმენტით ხელმძღვანელობდა.

„როგორც წესი, მთელი სახელისუფლებო პროპაგანდა გაიძახის, რომ ივანიშვილი რუსეთის აგენტია, გვაბრუნებს წარსულში, საბჭოთა კავშირში, კრემლი, პუტინი და მსგავს უბედურებებზე საუბრობენ. გასაგებია, რომ ამას სერიოზულად არავინ აღიქვავს, მაგრამ ხელისუფლებას ასეთი პროპაგანდისტული ხაზი აქვს. ვანო მერაბიშვილის საუბარი კი, ამ ხაზის გაგრძელება, რა ხაზიც ხელისუფლებას აქვს აშკარად არ იყო“, - განაცხადა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ კოალიციისთვის მსგავს განცხადებებს პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს და რომ ამით, არაფერი იცვლება.

„ჩემი შთაბეჭდილებით, შეიძლება მერაბიშვილს, რაღაც კეთილი ადამიანის როლის თამაში სურს და თუ იმაზე ფიქრობს, საზოგადოებას მეტი სარგებელი როგორ მოუტანოს ალბათ, მისი მხრიდან ივანიშვილის მისამართით ისეთი განცხადებების გაკეთება ალბათ, წამგებიანად ჩათვალა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა „პოლიტმეტრში“ განაცხადა, რომ მან თავისი შეხედულება პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილზე უკვე ჩამოაყალიბა და აღნიშნა, რომ ივანიშვილს როგორც პოლიტიკოსს არ იცნობს.

„მე მას როგორც პოლიტიკოსს არ ვიცნობ, მე მას ძალიან კარგად ვიცნობ ადამიანად, რომელიც ეწეოდა ქველმოქმედებას. უფრო მეტსაც გეტყვით, მე მას ვხვდებოდი და ვეხმარებოდი იმ საქმიანობაში, რომელსაც ახორციელებდა. სიამოვნებით ვუწყობდი ხელს იმაში, რომ მას თავისი ქველმოქმედება უფრო ეფექტურად განეხორციელებინა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე მას როგორც პოლიტიკოსს არ ვიცნობ, თუმცა სამწუხაროდ, კარგად ვიცნობ, ადამიანებს, რომლებიც მის გუნდს წარმოადგენენ“, - განაცხადა მერაბიშვილმა.ბერძენიშვილი: ნატოშიც შევალთ, რუსეთთანაც აღვადგენთ ურთიერთობას და ტერიტორიებსაც დავიბრუნებთ

კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, საქართველო   ნატოში ინტერეგაციას პარალელურად რუსეთთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებას აუცილებლად შეძლებს. ამის შესახებ მან გაზეთ „საქართველო და მსოფლიო“-სთან“ინტერვიუში განაცხადა.

ბერძენიშვილის განმარტებით, ქართული ოცნების ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ მათ უნდათ ნატოში გაწევრიანება, ასევე ის, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა იმსახურონ ავღანეთში;  მონაწილეობა მივიღოთ აისაფის პროგრამაში და ნატოსთან ღრმად ვითანამშრომლოთ. მისივე თქმით დოკუმენტზე კოალიციაში შემავალ ყველა სუბიექტს ხელი აქვს მოწერილი.

„ვერ გეტყვით, საიდან მოდის ეს აზრები, შეიძლება ვინმეს ნატოზე უფრო მოსწონს კატო, მაგრამ, რაც შეეხება ნატოს სამხედრო ალიანსს, კოალიციას მოსწონს ნატო და მიისწრაფვის ნატოსკენ. ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი და ბულგარეთი ნატოს წევრები არ არიან? ამ დროს რუსეთთანაც კარგ ურთიერთობაში არიან“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე განმარტებით, ის რომ საქართველო ნატოში ინტეგრაციასა და რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას ვერ მოახერხებს ტყუილია და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდაა.

„ნატოშიც შევალთ, რუსეთთანაც აღვადგენთ ურთიერთობას და ტერიტორიებსაც დავიბრუნებთ. თუ გაინტერესებთ ჩვენი პროგრამა, ჩვენ ყველაფერი გვინდა: ტერიტორიების დაბრუნებაც, რუსული ბაზების გაყვანაც, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაც“, - დასძინა მან.