ახალია თავდაცვის მინისტრის მოადგილე რომაა და გირგვლიანის საქმეში დამნაშავეები გარეთ არიან,  ესაა პასუხიმგებლობის აღება?

ახალია თავდაცვის მინისტრის მოადგილე რომაა და გირგვლიანის საქმეში დამნაშავეები გარეთ არიან, ესაა პასუხიმგებლობის აღება?

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“  წევრი, ადვოკატი ეკა ბესელია საქართველოს პრემიერ - მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას, რომ „ნებისმიერი ფაქტი, რომლითაც შეილახა საქართველოს მოქალაქის უფლება, რომელიც მოხდა ჩემი მინისტრობის დროს, არ აქვს მნიშვნელობა ჩემი სახელი ფიგურირებდა თუ არა, მე ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვიღებ“ აცხადებს, რომ სასურველი იქნებოდა მერაბიშვილის პასუხს ჟურნალისტის კითხვა მოჰყოლოდა, თუ რაში გამოიხატებოდა პასუხისმგებლობის აღება.

ბესელიას თქმით, ეს ძალიან სუსტი და შეურაცხმყოფელი პასუხი იყო და მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში სხვა განცდას არც გამოიწვევდა.

„როდესაც ის ამბობს, რომ პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე, მათ შორის  გირგვლიანის საქმეზე, ამ მძიმე დანაშაულზე იქვე უნდა ყოფილიყო ალბათ,  კითხვა დასმული რაში გამოიხატება ეს პასუხისმგებლობის აღება. იმაში, რომ  შინაგან საქმეთა მინისტრი პრემიერ-მინისტრი ხდება, იმ საქმეში მონაწილე დათა ახალია თავდაცვის მინისტრის მოადგილე და  რომ გირგვლიანის საქმეში მონაწილე დამნაშავეები ციხის გარეთ  არიან,  ესაა პასუხისმგებლობის აღება? პასუხისმგებლობის აღებაა ის,  რომ  შვილმკვდარ, განადგურებულ ოჯახს ამ ტრაგედიის შემდეგ პასუხს სცემ,  რომ პოლიცია, რომ კარგად მუშაობს, თურმე პასუხისმგებლობის აღება ესაა“, - განაცხადა ბესელიამ.