[სანტიაგო გაუჩო]
ქართველებს მრავალი შესანიშნავი მსახიობი და რეჟისორი გვყავდა. თანამედროვე ეპოქისაგან განსხვავებით, წინა საუკუნის დასაწყისში და შუაში მას-მედიის საშუალებები შედარებით ნაკლებად განვითარებული იყო, ამიტომ ამჟამინდელ თაობას წარსულის თანამემამულე აქტიორებზე ნაკლები ინფორმაციები გააჩნია. ეს ვაკუუმი ძირითადად იმ პერიოდიდან შემორჩენილი მოგონებებით ივსება.
ლეილა აბაშიძე იგონებს: „ხევისბერ გოჩაზე” გიამბობთ. გავიარეთ რეპეტიციები ცნობილი სცენისა, ონისეს რომ მარხილით მიჰყავს ძიძია, მაგრამ ის საშიშროება, პროჟექტორების ჩართვისას ცხენები რომ დაფრთხებოდნენ, ვერავინ გაითვალისწინა. ჩართეს თუ არა ორი პროჟექტორი, ცხენები ერთბაშად ეცნენ მანქანას, რომელზეც ოპერატორებისთვის მოწყობილი ავანსცენა იყო და მარხილიც ზედ შეასკდა. ამ ამბის თვითმხილველების მონათხრობით, თურმე, მე, ამ ჩემი თეთრი კაბით გამისროლა რაღაცამ. მე კი მახსოვს მხოლოდ, კარგა ხნის ფრენის შემდეგ თოვლში ჩავეფალი, ნუგზარ შარიაც სადღაც გადაგორდა და ფეხიც მოიტეხა.
მინდა თოვლიდან ამოსვლა, მაგრამ როგორ? დაახლოებით ოცი მეტრის სიღრმეში ვარ ჩაფლული, ცას ვხედავ მხოლოდ და ვარსკვლავებს, ვაითუ თოვლში ჩავიმარხო-მეთქი. მესმის ხმები: ლეილა, უუ! ძიძია უუ! დადიან ფარნებით, მეძებენ. ბოლოს როგორც იქნა, თოკებით ძლივს ამომიყვანეს. წარმოიდგინეთ, რა დღეში ვიქნებოდი, გაყინულ-გათოშილი, „ჟიპიტაური“ გადამაკვრევინეს, არყითაც დამზილეს და სურდო რაა, ისიც არ შემყრია“.
ელენე საყვარელიძე იგონებდა: „ერთხელ ფილმის „ქალაქი ადრე იღვიძებს“ რეჟისორმა სიკო დოლიძემ მთხოვა: წადი გახმოვანების სტუდიაში, ნახე დორე, გამოართვი ტექსტები და მომიტანეო. წავედი. კინოსტუდია დიდია. გზაში ნაცნობები შემხვდნენ, გავჩერდით, ვილაპარაკეთ და ძლივს მივაღწიე ადგილამდე, მაგრამ ამასობაში ის სახელი, რაღაც მუსიკალური სახელი, სულ დამავიწყდა. სადაც მივედი, იქ მარტო ერთი კაცი იყო, მივჩერებივარ და ისიც მომჩერებია, უცდის რას ვეტყვი. მე კი:
- ბატონო მი-ფა.
კაცმა გაკვირვებით შემომხედა.
- მი-ფა!?
- დიახ, არა, მი-ფა კი არა, სი-დო.
- სი-დო კი არა, რე-მი!
კაცმა დამცინავად ჩაიქირქილა. ცოტა ხანს კიდევ მაწვალა და, როგორც იქნა, მომეშველა:
- დო-რე!
- დიახ, ბატონო დო-რე, ბოდიშს გიხდით, სულ დამავიწყდა, დიახ, დო-რე.
- აჰა, ტექსტები! მე დო-რე არა ვარ, შენი ბედი, რომ მასთან არ წამოგცდა მიფა და რემი, თორემ მაშინ ნახავდი დო-რე-მი-ფა-სოლ-ლას, შენ!“
გოგი ქავთარაძე ხშირად იგონებს: „ბევრი კურიოზი ხდება ცხოვრებაში, მაგრამ ერთ კურიოზზე ვიტყვი. 1969 წელს თბილისიდან ბათუმის თეატრში წავედი. თქვეს, თბილისიდან ჩამოსულიაო. მერე ეს იმერელი კაცი ქუთაისში გადავედი და იქაც – ჩამოსულიაო – თქვეს. სოხუმში ხომ რაღა დაუშლიდათ? – ჩამოსული მერქვა. თქვენ წარმოიდგინეთ, სოხუმიდან თბილისში ჩამოვედი და აქაც ისე მექცეოდნენ, როგორც ჩამოსულს“.
სიცივესთან დაკავშირებით ერთ კურიოზს იხსენებს ნინელი ჭანკვეტაძე:
„სცენაზე ვიყავით მე და გოგა პიპინაშვილი. ვთამაშობდით სასიყვარულო სცენას სპექტაკლიდან „დრაკონი“. სწორედ ამ დროს, როდესაც გოგა მუხლებზე დაემხო, მოულოდნელად ჩაქრა შუქი, გადავწყვიტეთ, არ გავსულიყავით სცენიდან და ასე გაშეშებულები, გაყინულები ველოდებით სინათლის მოსვლას. მოულოდნელად დარბაზიდან მოგვესმის ქალის ხმა, რომელიც სცენასთან ახლოს მოვიდა და გოგას დაუძახა. ჩვენ დავიბენით, ვერაფერს მივხვდით, რა ხდებოდა. ბოლოს, თავი რომ არ დაგვანება, გოგა სიბნელეში ახლოს მიცოცდა მასთან და ხედავს ქალს, რომელიც თავის პალტოს აწვდის და თან ეუბნება: „შვილო, ცოდოები ხართ, მოიხურეთ ჩემი პალტო, თორემ ნამდვილად გაცივდებითო“.
მსახიობ ჟანრი ლოლაშვილს შორეულ არგენტინაში ერთხელ არაჩვეულებრივი ისტორია შეემთხვა.
„ერთ-ერთი გასტროლისას ერთი იოგი გავიცანი, მას სეანსი ჰქონდა მოედანზე. ხალხი უყურებდა. იქვე იდო ქუდი, სადაც ფულს ყრიდნენ. მეც ჩავაგდე, იოგი კი გამომეკიდა და ხურდა დამიბრუნა. დავიწყეთ საუბარი ესპერანტოზე. ავუხსენი, რომ მსახიობი გახლდით და ფესტივალზე ვიყავი ჩასული. მან ჩვენი სპექტაკლი ნახა, მერე კიდევ შემხვდა და მითხრა, თუ მოგიწევს არგენტინაში ყოფნა, ბუენოს-აირესში არის გრძელი ქუჩა, გაჰყვებით იმ ქუჩას, გახვალთ ბოლოში, იქ არის სკამები, დაჯდებით, დაისვენებთ და ბევრი რამ გაგახსენდებათ ბავშვობიდანო.
მერე მართლაც ჩავედი ბუენოს-აირესში და იმ გრძელი ქუჩისკენ გავეშურე. დამთავრდა ქუჩა და გამოჩნდა სივრცე, ოთხი სკამი იდგა, ერთი - ერთ მხარეს, სამი – მეორე მხარეს. არ ვიცოდი, რომელზე დავმჯდარიყავი. რატომღაც ცალკე მდგომ სკამზე დავჯექი. ჩემ წინ გამოჩნდა სამი სკამი და ჟანგისფერი გუბე. ამან ზუსტად გამახსენა ჩემი სოფელი ბოდბე, სადაც ბავშვობიდან დავდიოდი. იგივე გუბე, იგივე პანორამა, იგივე სკამი. აი, სასწაული!“
მსახიობი გოგა გორგასანიძე იგონებდა: „თვითმფრინავის ბიჭების“ ცნობილი ფაქტის შემდეგ თეატრალური ინსტიტუტის, სამხატვრო აკადემიის და კონსერვატორიის სტუდენტების ერთმა ჯგუფმა რესტორან „თბილისში“ მათი ხსოვნის სუფრა გადავიხადეთ. იქ რაღაც აყალ-მაყალიც მოხდა და დაგვიჭირეს. თეატრალური ინსტიტუტიდან საბჭოთა სტუდენტისათვის შეუფერებელი საქციელის გამო, გამრიცხეს. კალინინის რაიონის კომკავშირის მდივანი, ალეკო შარაშენიძე დამეხმარა და თენგიზ ჩანტლაძის თეატრში მიმიღეს. თავად თენგიზიც თბილად შემხვდა. ერთ კვირაში ყველა სპექტაკლში შემიყვანეს, უკვე მეორე კვირას დასავლეთ საქართველოში საგასტროლოდ წავედით.
ჩავედით ტყიბულში. მეორე დღეს, დილის ექვსი საათია და მაღვიძებენ, არადა, 4 საათზე დავწექი. უნდა ირბინო და ივარჯიშო, მერე ფეხბურთს ვითამაშებთო. აბა, ჩქარა, ახლავე ადექიო. ამ დილაუთენია ეს ფეხბურთი ვის უნდა-მეთქი? ვიკითხე. ვის და თენგიზს უნდაო. თენგიზ ჩანტლაძეს ძალიან უყვარდა ფეხბურთი.
სასტუმროს ფოიეში გამოვედი და მამაკაცები გამწკრივებულები დგანან. თეატრში მომუშავე ყველა მამაკაცი – მსახიობიდან დაწყებული, დარაჯით დამთავრებული – ჩაბმულია თამაშში. არის ორი გუნდი, „კარგი“ და „ცუდი“ ბიჭების. მე აღმოვჩნდი „ცუდ“ შემადგენლობაში. ანგარიშია 7:7 (8-მდე ვთამაშობდით). ამ დროს „კარგი“ ბიჭების მეკარემ დაარტყა ბურთი, რომელიც თავში მომხვდა და რიკოშეტით შევარდა კარში. გახდა 8:7 „ცუდების“ სასარგებლოდ. ბიჭები შემომეხვივნენ. მგონია, რომ უნდა მომილოცონ. არადა, მეუბნებიან, ეს რა გააკეთეო? თურმე, თენგიზი „კარგ“ გუნდს გულშემატკივრობდა. შევხედე და სახე ალეწილი აქვს, 15 წუთში ვიწყებთ რეპეტიციასო, თქვა და წავიდა. იმ სპექტაკლში ასეთ ფრაზას ვამბობდი: „დეპეშაა, ბარონო, თქვენს სახელზე“. ჩემი რეპეტიციის დროს თენგიზმა თქვა, - გოგა, ფრაზას არასწორად ამბობ.
იმაზე განაწყენებულმა, რომ ჩემი მიზეზით მისმა გუნდმა თამაში წააგო, ზუსტად 45 წუთის მანძილზე ერთი და იგივე წინადადებას ვინ იცის, მერამდენედ ვიმეორებდი“.