დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუცია -

დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუცია - "საქართველოში არსებული მდგომარეობა" დამტკიცდება

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას დაამტკიცებენ. "საქართველოში არსებული მდგომარეობა", ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელსაც კენჭს რიგით 23-ე სხდომაზე უყრიან.

რეზოლუციის პროექტი, რომლის ავტორიც არის პოლონეთის წარმომადგენელი მიხეილ შცერბა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

რეზოლუციაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა კიდევ ერთხელ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღაირებულ ფარგლებში. რუსეთს კი მოუწოდებს, პატივი სცეს საერთაშორისო კანონმდებლობას და შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც მან 2008 წელს საკუთარ თავზე აიღო.

ათპუნქტიან დოკუმენტში საუბარია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2007 წლის რეზოლუციის შესრულების აუცილებლობაზე, რომელიც ეუთო-ს სივრცეში კონფლიქტების დარეგულირებას გულისხმობს.

„საქართველოში ეუთო-ს ყოფილი მისიის ვალდებულების გათვალისწინებით, აუცილებელია თანამშრომლობა კონფლიქტების და დაძაბულობის დარეგულირებისთვის საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრებთან და ქვეყნის ტერიტორიაზე. ხაზს ვუსვამთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ დადგენილ საზღვრებში. შეშფოთებული ვართ იძულებით გადაადგილებულ პირთა ჰუმანიტარული მდგომარეობით, როგორც საქართველოში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა (საქართველო) და სამხრეთ ოსეთში (საქართველო) და ასევე მათი უფლების არაღიარებით, დაუბრუნდნენ საცხოვრებელ ადგილებს. მივესალმებით საქართველოში პოლიტიკური ცხოვრების შემდგომ დემოკრატიზაციას, მათ შორის 2010 წლის 30 მაისს გამართულ ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც ძირითადად საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა. მივესალმებით საკონსტიტუციო რეფორმას და არჩევნების რეფორმირების პროცესს, რომელიც ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას გულისხმობს და მიმართულია 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარეებს მოუწოდებს, დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები, სრულად შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით გაფორმდა, გაზარდონ ჟენევის მოლაპარაკებების ეფექტურობა, როგორც პროცესისა, რომელიც წარმოადგენს ყოვლისმომცველ მექანიზმს გაჭიანურებული კონფლიქტის დარეგულირებისა და მისი შედეგების აღმოფხვრისთვის.

"ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დაჟინებით მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასა და პარლამენტს, ასევე აფხაზეთისა (საქართველო) და სამხრეთ ოსეთის (საქართველო) დე-ფაქტო მთავრობებს, დაუშვან ევროკავშირის დამკვირვებლები წინააღმდეგობის გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა (საქართველო) და სამხრეთ ოსეთში (საქართველო), როგორც ამას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება ითვალისწინებს. მოუწოდებს მათ, უზრუნველყონ იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, ასევე, საჭიროების შემთხვევაში მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება საქართველოსა და აფხაზეთის (საქართველო) და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის (საქართველო) საზოგადოების თანდათან დაახლოება. მოუწოდებს ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს, აღადგინონ ეუთო-ს მისია საქართველოში, როგორც ნდობის გაძლიერების ერთ-ერთი მექანიზმი. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ორგანიზებული იყოს ეუთო-ს რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესაბამისად", - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.