საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობის გამჭირვალედ ჩატარებას ითხოვს

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობის გამჭირვალედ ჩატარებას ითხოვს

საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობის დროს ადგილობრივი მოსახლეობის კომპენსირების პროცესის გამჭირვალედ წარმართვას ითხოვს.

ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მთიან აჭარაში სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს ეხება, რომელიც 2011 წლის 21 ოქტომბერს მთავრობის განკარგულების საფუძველზე ჯერ სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა, შემდეგ კი აჭარის მთავრობას გადაეცა.

მათი ინფორმაციით, სახელმწიფო რეგისტრაციამ ათობით ადგილობრივი მოსახლის მიწა მოიცვა, თუმცა აღნიშნეს, რომ ამ ტერიტორიაზე სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა მოსახლეობის გაფრთხილების გარეშე დაიგეგმა და დაიწყო.

„მთიან აჭარაში გოდერძის უღელტეხილის მახლობლად, სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა ზანკების დასახლებაში დაიწყო. სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია შპს DODERDZI RESORTS აწარმოებს, რომლის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. იმ მომენტიდან, როდესაც გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ სათხილამურო კურორტის მშენებლობის ინიციატივა გამოცხადდა, ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს მიწის საკარმიდამო ნაკვეთებისა და სახლების საკუთრებაში დარეგისტრირების შესაძლებლობა“ -  ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რამდენიმე მიწის მფლობელმა მიმართა კიდეც საჯარო რეესტრის ადგილობრივ სამსახურს, თუმცა, მიწის რეგისტრაციაზე უარი მიიღო. მიზეზად კი, განცხადების თანახმად ის დასახელდა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთები უკვე სახელმწიფოს საკუთრებაში იყო რეგისტრირებული.

„ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით, მიწის ნაკვეთები მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა და ისინი წლების მანძილზე მხოლოდ ამ მიწებით ირჩენენ თავს. ასევე, მათ არ იციან რა სახის სამშენებლო სამუშაოები უნდა ჩატარდეს მათ მიწებზე, ვის შეეხება მშენებლობა და გათვალისწინებულია თუ არა კომპენსაცია“- აცხადებენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” იმედს გამოთქვამს, რომ გოდერძის უღელტეხილზე დაწყებული პროექტის წარმატებით განხორციელება ადგილობრივთა საკუთრების უფლების შელახვის ხარჯზე არ მოხდება.

„აუციელბელია, რომ მოსახლეობის კომპენსირების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს, ამ პროცესში კი, სახელმწიფო ორგანოების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა კომპენსირება იყოს რეალური და ყველასთვის გარანტირებული“- აღნიშნავენ ორგანიზაციაში.