პრინციპი პრინციპია

პრინციპი პრინციპია

ცნობილი ქართველი მსახიობი კახი კავსაძე ბატონ რობერტ სტურუასთან დაკავშირებულ ერთ ისტორიას ხშირად იხსენებს. ამ მოგონებაში ბატონი რობიკოს დიდი პროფესიონალიზმი და საყვარელი საქმიანობის მიმართ უსაზღვრო ერთგულება ნათლად ჩანს.

 

“ქეიფის მოყვარული გახლავთ ჩვენი სასიქადულო რეჟისორი – რობიკო სტურუა, ოღონდ საქეიფოდ იშვიათად თუ აიყოლიებ, მხოლოდ მაშინ ქეიფობს, როდესაც თეატრში ყველაფერი რიგზეა.

 

ერთ დღეს თვითონ გვეუბნება მე და რამდენიმე მსახიობს, - გეპატიჟებით, ცოტა დავლიოთო.

 

გაოცებისგან პირები გავაღეთ.

 

- სად დავლიოთ, ბატონო რობიკო?

 

- ეგ მე ვიცი, უბრალო ადგილზე არ წაგიყვანთო. დაურეკა პროფესორ გიგლა ასათიაანს.

 

მოკლედ, დრო ვატარეთ, დილის 6 საათზე წავედი სახლში, მივედი და ჩავგორდი ლოგინში, საღამომდე არავინ შემაწუხოთ-მეთქი. ვფიქრობ, დილის რეპეტიცია ჩაიშლება, რობიკო გვარიანად ნასვამი გახლდათ.

 

რეკავს ტელეფონი, რობიკომ თქვა, დილის 9 საათზე რეპეტიციაზე იყოსო. გავგიჟდი, კაცო! მივედი ცხრა საათზე, ზის რობიკო პარტერში, ვითომ წვეთი არ დაელიოს.

 

- არ შეგიძლია დალევა და ნუ სვამო, - შემარცხვინა დილა სიფთაზე.

 

რეპეტიციის მერე ისევ მეუბნება, წამო დავლიოთო.

 

- არა, ძმაო, მე ისეთი რეჟისორი მყავს, ამაღამ თუ დავლიე, დილის 8 საათზე გამომიძეხებს-მეთქი. მოკვდა სიცილით, შენ ჩემზე ჭორაობას შეეშვიო.

 

არ ვიყავი მართალი?