ფესტივალი „არტ-გენი“ დღეს იწყება

ფესტივალი „არტ-გენი“ დღეს იწყება

დღეს,  ხალხური მუსიკის ფესტივალი „არტ-გენი2012“ კახეთში, ყვარლის ტბაზე დაიწყება.  ტრადიციულად, ფესტივალი, ჯერ რეგიონებს მოივლის, დასკვნითი ნაწილი კი, თბილისში ჩატარდება. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ხუთი რეგიონალური ტური: დღესვანდელი ყვარლის ტბის ტურის შემდეგ, 6 ივლისს „არტ-გენს“ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი უმასპინძელებს, 8 ივლისს კი, წყალტუბოს ცენტრალური პარკი.  ჩოხატაურის ტური 10 ივლისსაა დაგეგმილი და კონცერტები გორაბერეჟოულის ტყე-პარკში ჩატარდება. რეგიონის ტურს ფესტივალი, 12 ივლისს, ფოთის მალთაყვას ტყე-პარკში დაასრულებს.

21 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით „არტ-გენის“ 9 დღიანი დასკვნითი ნაწილი ტრადიციულად  თბილისში ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება.

ფესტივალის წლევანდელი თემაა „გაუფრთხილდი ოჯახს“, რაც ყველა ღირებული ოჯახური ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გაფრთხილებასა და თაობიდან თაობაზე გადაცემას გულისხმობს. 

არტ-გენზე წარმოდგენილნი იქნებიან, როგორც ხალხური სიმღერის, ინსტრუმენტული მუსიკის, ქორეოგრაფიის,  ზეპირსიტყვიერებისა და ხალხური რეწვის ოსტატები საქართველოს ყველა კუთხიდან, ასევე საქართველოში მოღვაწე ეროვნული უმცირესობები, სტუმრები კავკასიიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან (ლიტვა, საფრანგეთი, პოლონეთი, შოტლანდია, ინგლისი და სხვ.) აფრიკიდან და მადაგასკარიდან.

ფესტივალი არტ-გენი უკვე მეცხრე წელია ჯგუფი „არტ-გენის“ ორგანიზებით  ტარდება. არტ-გენის  ძირითად მიზანს ქართული ფოლკლორისა და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციის მოძიება და მათი პოპულარიზაცია წარმოადგენს.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან, კულტურის და ძეგლთ დაცვის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.