ტელეკომპანია „მაესტროსგან“ სატელიტური თეფშები რეგიონებში ყველა ოჯახს

ტელეკომპანია „მაესტროსგან“ სატელიტური თეფშები რეგიონებში ყველა ოჯახს

ტელეკომპანია „მაესტრო“ რეგიონების ყველა ოჯახისთვის სატელიტური თეფშების დარიგებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანიამ დღეს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ის პრომო აქციის  - ”მაესტრო” ყველა ოჯახში”-ს ფარგლებში განხორციელდება.

 „ტელეკომპანია "მაესტრო" აგრძელებს განვითარებას და როგორც მედია-ბიზნესი, საკუთარ, მნიშვნელოვან ადგილს იმკვიდრებს ქართულ ტელე-ბაზარზე. ჩვენ, როგორც კომპანიის მფლობელები, დაინტერესებულნი ვართ ტელევიზიის განვითარებით. ამ მიზნით და ბიზნეს-გეგმის პირველი ეტაპის ფარგლებში, კომპანიაში უკვე განხორციელდა გარკვეული ინვესტიციები, ”მაესტრო” უკვე ყველაზე ყურებადი ტელევიზიის სტატუსით სარგებლობს თბილისის მასშტაბით. სექტემბრიდან ”მაესტრო” ახალი პავილიონითა და განახლებული შეფუთვით დაიწყებს სეზონს. განვითარების შემდეგ ეტაპზე ჩვენი მიზანია, ”მაესტროს” პროდუქცია რაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ ტელეკომპანია იწყებს პრომო აქციას  - ”მაესტრო” ყველა ოჯახში”. აქციის ფარგლებში იგეგმება სატელიტური თეფშების დარიგება რეგიონების მოსახლეობისთვის",- აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს პროექტი გრძელვადიანი იქნება, რომელიც მიზნად  საქართველოს ყველა კუთხეში ტელემაყურებელთა ინტერესის დაკმაყოფილებასა და   ”მაესტროს” ცნობადობის დონის ამაღლებას ისახავს. "მეატროს" დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ ისინი დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ.

"ვთვლით, რომ ტელევიზიის გავრცელების ზონის გაფართოება უმნიშვნელოვანესი და ყოვლად აუცილებელი ფაქტორი გახდება კომპანიის წარმატებული ფუნქციონირების საქმეში", - ნათქვამია ’მაესტროს” დამფუძნებლების, მაკა ასათიანის, მამუკა ღლონტის, გიორგი ებრალიძის, ლევან ჩიკვაიძისა და ეკა აკობიას განცხადებაში.