ზაქარია ქუცნაშვილმა

ზაქარია ქუცნაშვილმა "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული "კარდაკარის" ერთკვირიანი შედეგები წარმოადგინა

კოალიცია "ქართული ოცნების"   საარჩევნო ჯგუფის ხელმძღვანელმა, თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა მათ მიერ ორგანიზებული "კარდაკარის" ერთკვირიანი შედეგები წარმოადგინა.

ქუცნაშვილის თქმით, „კარდაკარი,“ რომელშიც 8000-მდე ადამიანია ჩართული, უკვე 65 საარჩევნო ოლქში მიმდინარეობს.

ქუცნაშვილის განცხადებით,  „ქართული ოცნების“ მიერ კამპანია „კარდაკარში“ მონაწილეებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება.

“ჩვენი წარმომადგენლების მიმართ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ხშირია მუქარა. ამ კუთხით, განსაკუთრებით გამგებლები აქტიურობენ, როგორც ჩანს, მათ დავალებული აქვთ საარჩევნო სიების დაზუსტებას ხელი შეუშალონ“ - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ისინი აქტივისტებს საარჩევნო სიებს და კითხვარებს ართმევენ და უხევენ.

„ამ წინასაარჩევნო ღონისძიების  მონაწილეები ძალიან ბევრ დაბრკოლებას აწყდებიან. მათ ართმევენ და უხევენ ე.წ პასპორტებს, რომელიც მოიცავს ამომრჩეველთა სიას და კიდევ დამატებით პუნქტებს ამომრჩეველთა სხვა ფაქტობრივი მონაცემების გამოსაკვლევად. ამას აკეთებენ ძირითადად ადგილობრივი რაიონების გამგებლები. შემთხვევათა უმეტესობა დაფიქსირდა კახეთში, თუმცა ჩვენ ამ პრობლემას არ შევუშინდებით და ვაგრძელებთ სიების გადამოწმებას.

მინდა გავაფრთხილო გამგებლები, პოლიციელები და ამ რეგიონებში მოქმედი ზონდერ ჯგუფები, რომ მათი გარჯა უშედეგოა, რადგან აღნიშნულ დოკუმენტებს ჩვენ თავიდან ვბეჭდავთ და ეს პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს“ ,- განაცხადა ქუცნაშვილმა.

ამასთან, ქუცნაშვილი „კარდაკარის“ წარმომადგენლებზე ზეწოლაში კახეთში - თელავის, ლაგოდეხისა და გურჯაანის გამგეობის წევრებსა და გამგებლებს ადანაშაულებს, იგივე ვითარებაა ბაღდათში.

ქუცნაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ აქტივისტები „კარდაკარის“ პროგრამის განხორციელების პროცესში ასევე კითხულობენ, იყვნენ თუ არა იმ კონკრეტულ ოჯახში ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის წარმომადგენლები სიის გადასამოწმებლად.

დღეს  „კარდაკარის“პროგრამას კიდევ ორი ოლქი შეემატა. კერძოდ, თეთრი წყარო და ბოლნისის საარჩევნო ოლქები. სულ მალე კი ,,კარდაკარი,, დანარჩენ ოლქებშიც ამოქმედდება.