ნაციონელები ივანიშვილს იდეებს პარავენ

ნაციონელები ივანიშვილს იდეებს პარავენ

 

ნაციონალები ბიძინა ივანიშვილს იდეებს პარავენ. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ახალ ინიციატივებზე ნაციონალები ჯერ იცინიან და მას კომუნისტურ და სოციალისტურ იდეებს უწოდებენ, შემდეგ კი თავად ომახიანად პლაგიატობენ.

მაგალითად, ბიძინა ივანიშვილმა 1 მილიარდიანი სოფლის მეურნეობის ფონდის შექმნა გამოაცხადა, ვანო მერაბიშვილმა კი სოფლის მხარდაჭერისთვის 4 მილიარდი ლარის ჩადება გადაწყვიტა.

ივანიშვილმა საყოველთაო დაზღვევა და უფასო ჯანდაცვის პროგრამა გამოაცხადა, ხოლო ნაციონალებმა, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მიზნით ბიუჯეტიდან 4 წლის განმავლობაში 3 მილიარდი ლარის გამოიყოფა დაანონსეს.

მართალია, მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ მოსახლეობაზე ზრუნავს, მაგრამ რატომღაც ივანიშვილის იდეები დროში ნაციონალების ინიციატივებს ასწრებს. ბიძინა ივანიშვილის წინადადებების გადაფარვა ნაციონალებს უფრო მეტი ხელგაშლილობით აქვთ განზრახული და ამიტომ მათი თანხები სამზე ან ოთხზე უპრობლემოდ მრავლდება და ისე სახელდება. 

ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი არ არის, ვისაც ნაციონალები იდეებს ჰპარავენ. ნაციონალებს იდეების წართმევაში ადანაშაულებენ ედპ და ქრისტიან-დემოკრატები. ისინი მიიჩნევენ, რომ დასაქმების მინისტრის პოსტის შექმნა ოპოზიციის იდეა იყო, რომელიც უმრავლესობამ სახელშეცვლილი სახით მიითვისა.      

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის მტკიცებით, ჯერ კიდევ 2009 წელს საააკშვილს მიმართეს, რომ  დასაქმების სააგენტო შექმნილიყო.

„მაშინ სააკაშვილმა ქირქილი დაიწყო, დაგვცინა და განაცხადა, რომ ახალი ბიუროკრატიული აპარატის შექმნა და ბიუჯეტში ახალი ხარჯები არ იყო საჭირო იმისთვის რომ ხალხი დასაქმებულიყო. ვინ აღმოჩნდა მართალი? ეს ხარჯები დღეს ბიუჯეტში შედის“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

რაც შეეხება ათასლარიან ვაუჩერის დარიგების იდეას, მსგავსი იდეა ნაციონალების ექსკლუზიური უფლებაა, რადგან მსგავსი შეპირებების გამო ივანიშვილი დაისჯება და მას კონტროლის პალატა ამომრჩევლის  მოსყიდვად ჩაუთვლის. ის რაც ივანიშვილისთვის აკრძალულია, ნაციონალებისთვის –ნებადართულია და თანაც კანონიერი.    

ერთი რამ ცხადია, ნაციონალურ მოძრაობას 8 წელი ჰქონდა იმისათვის, რომ ეს დაპირებები რეალობად ექცია. „ნაციონალების ლოზუნგი „საქართევლო სიღარიბის გარეშე“ იმით დასრულდა, რომ 8 წლისთავზე დასაქმების სამინისტრო შეიქმნება და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი დაახლოებით მილიონამდე ადამიანი საკუთარ შემწეობას მოთმინებით ელოდება.