ბაჩო ახალაიამ რესტორან მცხეთის დარბაზში იჩხუბა?

ბაჩო ახალაიამ რესტორან მცხეთის დარბაზში იჩხუბა?

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ  თავდაცვის მინისტრი, ბაჩო ახალაია რესტორან „მცხეთის დარბაზში“ დათვრა და შემდეგ იჩხუბა. ამის შესახებ ინფორმაციას, მცხეთა მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს ავრცელებს.

„ბაჩო ახალაია რესტორანში რამდენიმე პირთან ერთად იმყოფებოდა. როცა დათვრნენ, ჩხუბი ატყდა. ჩხუბის შედეგად ჭურჭელი დაამტვრიეს, ავეჯი კი დააზიანეს“, - იუწყება მცხეთის საინფორმაციო ცენტრი.

ეს ინფორმაცია მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა იმ დროისთვის რესტორანში მყოფ რამდენიმე პირთან გადაამოწმა. მათ აღნიშნეს, რომ მინისტრი ახალაია მათთვის უცნობ პირს ეჩხუბა. ინციდენტი დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც მინისტრმა და მისმა თანმხლებმა პირებმა რესტორანი დატოვეს. ინციდენტის შესახებ რესტორნის ადმინისტრაციას პოლიციისთვის არ უცნობებია, შესაბამისად, გამოძიებაც არ არის დაწყებული.

მათივე ინფორმაციით, ბაჩო ახალაიას მხრიდან ეს ამ რესტორანში ჩხუბის და დაწესებულებისთვის ზარალის მიყენების პირველი შემთხვევა არ არის.

რაც შეეხება რესტორნის მენეჯერსა და დირექტორს, ისინი ჩხუბის ფაქტს კატეგურიულად უარყოფენ.

„ასეთი რამ არ მომხდარა. როგორც მახსოვს მინისტრი ჩვენს რესტორანში ერთხელ იყო, მაშინ მე ქალაქში არ ვიყავი. სტუმრები ხშირად გვყვავს და არ ვაკონტროლებთ, ვინ მოდის და ვინ მიდის. კონკრეტული ფაქტი, რაზედაც თქვენ მეკითხებით, არ მომხდარა და არანაირი ზარალი არ მიგვიღია“, – განუცხადა მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს „მცხეთის დარბაზის“ დირექტორმა ტარიელ ძოწენიძემ.