ტექნიკური ცვლილებები თუ გაურკვევლობა?

ტექნიკური ცვლილებები თუ გაურკვევლობა?

სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის, თუმცა, უცნობია რა ოდენობის თანხით დაფინანსდება სახელმწიფო მინისტრი დასაქმების საკითხებში.

დღეს ბიუროს სხდომაზე 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დარეგისტრირდა, რომლის განხილვა დაჩქარებული წესით იგეგმება.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსებასთან დაკავშირებულ საბიუჯეტო ცვლილებებს უმრავლესობა „მცირე ტექნიკურ“ ცვლილებებს  უწოდებს და განმარტავს, რომ ბიუჯეტის პარამეტრები უცვლელი რჩება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბიუროს სხდომის შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსებისთვის საგარეო ვალის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხა იქნება გადმოტანილი.

რა ცვლილებები შედის ბიუჯეტში და როგორი იქნება სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსება? ამ საკითხის გარკვევას ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერი  დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე შეეცადა, თუმცა, მან პასუხი ვერ მიიღო. უმრავლესობამ ლორთქიფანიძეს აუხსნა, რომ საბიუჯეტო ცვლილებების დეტალებს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი ხვალ გააცნობს.