მერაბიშვილის  პირველი ინიციატივა  -  4 წელზე გაწერილი  ათასლარიანი ვაუჩერი ყველა ოჯახს

მერაბიშვილის პირველი ინიციატივა - 4 წელზე გაწერილი ათასლარიანი ვაუჩერი ყველა ოჯახს

საქართველოს პრემიერ მინისტრი, ვანო მერაბიშვილი მომავალი წლიდან საქართველოს ყველა ოჯახს 4 წელზე გაწერილ ათას ლარიან ვაუჩერს დაურიგებს. ამის შესახებ მერაბიშვილმა დღეს გლდანში, მშენებარე პროფესიულ სასწავლებელთან განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა შესაძლებლობას აძლევს ოჯახებს, თავად მიიღონ გადაწყვეტილება და ეს თანხა იმ პრობლემის მოგვარებაში გამოიყენონ, რომელიც მათ აწუხებთ.

„ჩვენ გვაქვს წინადადება, რომ ათასლარიანი ვაუჩერით საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ დენის, გაზის, წყლის ან სხვა კომუნალური გადასახადების გადახდა, მედიკამენტების შეძენა, ბავშვებისთვის სკოლის სახელმძღვანელოების შეძენა. გლეხებმა შეძლონ სასუქების, საწვავის ან სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა, რათა ნებისმიერ დროს ადამიანს ჰქონდეს გარანტია იმისა, რომ თუ მას გარკვეულ მომენტში დაუდგა პრობლემა, რომელიც არ არის ასახული ჩვენი მთავრობის საერთო გეგმაში, მას ჰქონდეს გარანტია, რომ ამ პრობლემას მოაგვარებს“, - განაცხადა მერაბიშვილმა და დასძინა, რომ გარდა ამისა მოსახლეობასთან ერთად მკაფიო გეგმას შეიმუშავებენ იმაზე, თუ რაში შეიძლება ოჯახებმა ათას ლარიანი ვაუჩერი გამოიყენონ.