29 მაისს დაკავებულ 8 ახალგაზრდას საპატიმროებში ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსწორდებოდნენ

29 მაისს დაკავებულ 8 ახალგაზრდას საპატიმროებში ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსწორდებოდნენ

„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, 29 მაისს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მსვლელობისას დაკავებულ და შემდგომ საპატიმროებში მყოფ 8 ახალგაზრდის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები ხორციელდებოდა.

ამის შესახებ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, თენგიზ ომანაძემ განაცხადა. მისი თქმით, საპატიმროებში ადგილი ჰქონდა ღირსების შემლახავი მოპყრობისა და წამების სხვა ფაქტებსაც.

„როგორც პოლიტიკური მოტივით ახალგაზრდების დაკავება, ასევე პატიმრობაში მყოფი პირების წამება, წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულს. პარტია მოუწოდებს სახალხო დამცველს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ“, - აცხადებს ომანაძე.

როგორც ერთ -ერთმა დაკავებულმა, რეჟისორმა ზაზა სვანაძემ დღეს „თავისუფალი საქართველოს“ ოფისში განაცხადა, მთელი 30 დღის განმავლობაში მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა. მისი თქმით, ბადრაგი შალვა ხაშმაიძე მას საპყრობილეში გაუპატიურებით ემუქრებოდა.

“ბადრაგი მოდიოდა ჩემთან და მაიძულებდა, კამერის თანდასწრებით ბიძინა ივანიშვილისთვის, ნინო ბურჯანაძისა და კახა კუკავასთვის მეგინებინა. ამასთან, ის გაუპატიურებით მემუქრებოდა და უმოწყალოდ მცემდა. ყოველ წამს მიმეორებდნენ იმას, რომ ახალციხე ვანო მერაბიშვილის რაიონი იყო", - განაცხადა სვანაძემ.

 „თავისუფალი საქართველო“ ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც მოითხოვს.

ცნობისთვის, 29 მაისს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მსვლელობისას სამართალდამცავებმა დააკავეს 8 ახალგაზრდა, რომელთაგან ნაწილს სასამართლომ 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.