დიმიტრი გაბუნია: „რუსთავის მედიის მართვის კომპანიის“ წინააღმდეგ სარჩელს აუცილებლად შევიტანთ

დიმიტრი გაბუნია: „რუსთავის მედიის მართვის კომპანიის“ წინააღმდეგ სარჩელს აუცილებლად შევიტანთ

„მაესტროს" ყოფილი ოფისის შენობაში, ნუცუბიძის ქ.#93-ში ცოტა ხნის წინ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, ბაჩო კიკაბიძე ჟურნალისტებთან და ადვოკატთან ერთად შევიდა. ოფისში შენობის მეპატრონეებმა 1-საათიანი მცდელობის შემდეგ შეაღწიეს.

როგორც ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ From.ge-სთან საუბარში განაცხადა,შენობაში „კატასტროფული“ მდგომარეობა დახვდათ. მისი თქმით, ყველაფერი  რაც შენობაში დატოვეს მიზანმიმართულად არის განადგურებული.

„ტექნიკა ფაქტიურად საერთოდ აღარ არსებობს. კაბელები გადაჭრილია, „შტეპცელები“ მოხსნილი, დალეწილი და დანგრეულია ყველაფერი, რაც დავტოვეთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, მოსვლისთანავე საპატრულო პოლიციას დურეკეს, თუმცა აღნიშნა, რომ ამ დრომდე პოლიცია მიმდებარე ტერიტორიაზე არ გამოჩენილა.

„მაესტროს" ხელმძღვანელობა აღნიშნულ ქონების განადგურებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

„ჯერ ჩვენ ზიანის დათვლას ვაპირებთ, მოვამზადებთ ყველაფერს და ამის შემდგომ რუსთავის მედიის მართვის კომპანიის წინააღმდეგ შევიტანთ სარჩელს. ის ბოლოს იყო ამ შენობაში და ფლობდა მაესტროს კუთვნილ ტექნიკას და საკუთრებას. ამავე დროს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოვითხოვთ იმ პირების მიმართ, ვინც ეს ვანდალური ფაქტი ჩაიდინა“, - განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიას თქმითვე, ამ ეტაპზე დაკარგული და განადგურებული ქონების აღწერა მიმდინარეობს. თუმცა კონკრეტულად რა თანხებთან არის დაკავშირებული აღნიშნული ზიანი ჯერჯერობით უცნობია. ამასთანავე ჯერ არც ის იციან, დაბრუნდებიან თუ არა მაესტროს ყოფილ შენობაში.

„ამასთან დაკავშირებით ჩვენ განცხადებას მალე გამოვაქვეყნებთ“, - აღნიშნა გაბუნიამ.