მთავრობის სამოქმედო გეგმის პარლამენტისთვის წარდგენას ვანო მერაბიშვილმა დღეს გადაწყვიტა

მთავრობის სამოქმედო გეგმის პარლამენტისთვის წარდგენას ვანო მერაბიშვილმა დღეს გადაწყვიტა

პრემიერ მინისტრობის კანდიდატი, ვანო მერაბიშვილი მთავრობის სამოქმედო გეგმის პარლამენტისთვის წარდგენას დღეს საღამოს აპირებს. როგორც მერაბიშვილმა გლდანში მშენებარე პროფესიულ სასწავლებელთან დღეს განაცხადა, ეს გეგმა მომავალი 4 წლის პროგრამას მოიცავს.

„გეგმა არის კონკრეტული და მასში გაწერილია, თუ რა გაკეთდება მომავალი ოთხი წლის განმავლობაში“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

საქართველოს კონსიტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, მთავრობა გადაყენებულად ითვლება და ახალ მინისტრთა კაბინეტსა და ახალ სამთავრობო პროგრამას პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს.

"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ახალი თანამდებობა. ეს არის პასუხისმგებლობა. ჩემი მთავარი მიზანი იქნება კონკრეტული - სარგებელი ხალხს! დადგა დრო, რომ ჩვენი განვითარების, ჩვენი მოდერნიზაციის, ყველა მიღწევის შედეგი უშუალოდ იგრძნოს თითოეულმა ქართველმა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, რომ იგრძნოს. როგორც ეს პოლიციის რეფორმის შემთხვევაში მოხდა“, - განაცხადა მერაბიშვილმა პრემიერმინისტრად წარდგენისას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის ხელმძღვანელად  ყოფილი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 30 ივნისს, წარადგინა.