დავით გამყრელიძე: პრეზიდენტმა მთავრობის ხელმძღვანელად მისი დიდი ხნის რეალური მმართველი დანიშნა

დავით გამყრელიძე: პრეზიდენტმა მთავრობის ხელმძღვანელად მისი დიდი ხნის რეალური მმართველი დანიშნა

"საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, მთავრობის ხელმძღვანელად მისი დიდი ხნის რეალური მმართველი დაენიშნა”, -  ამის შესახებ "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრად ვანო მერაბიშვილის დანიშვნის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის ეს გადაწყვეტილება იმაზე მიუთითებს, რომ ფასადური მთავრობის დრო აღარ არის და დრო მოვიდა, მთავრობის ხელმძღვანელი ის იყოს, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში მას რეალურად მართავდა.

მე ვფიქრობ, რომ შესაძლოა, შინაგან საქმეთა მინისტრად კვლავ ნაცნობი და ამ მიმართულების სახე ეკა ზღულაძე დაინიშნოს, რადგან დღესდღეობით ჩვენი მთავრობა დასავლეთის თვალში არსებული სახის შენარჩუნებას ცდილობს", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მთავრობა ცდილობს, ხალხს დაუმტკიცოს, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს და აღნიშნა, რომ ამას მერაბიშვილის განცხადებაც ადასტურებს, სადაც ის აცხადებს, რომ მალე საქართველოს მომავალი რამდენიმე წლის განვითარების გეგმას წარმოადგენს,

„ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ცდილობენ ხალხი დაარწმუნონ არჩევნებში ნაციონალების გამარჯვებაში. არ გამოვრიცხავ მთავრობაში ახალი სახეების გამოჩენასაც. მე ვფიქრობ, დღევანდელ მთავრობაში არიან მინისტრები, რომლის მიმართაც საზოგადოება ძალიან ნეგატიურად არის განწყობილი. მთავრობა ახლა შეეცდება ეს სახეები დროებით გვერდზე მისწიოს, ანუ ახალი სახეების გამოჩენა გამორიცხული ნამდვილად არ არის", - აღნიშნა გამყრელიძემ.