კონტროლის პალატას დღეიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეწოდება

კონტროლის პალატას დღეიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეწოდება

კონტროლის პალატა დღეიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურად გარდაიქმნა. ამასთან დაკავშირებით აღნიშნულმა აუწყებამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარეს გენერალური აუდიტორი ეწოდა.

განცხადების თანახმად, აღნიშნული ცვლილება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს არ ითვალისწინებს.

აღნიშნულ განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

„2012 წლის 1 ივლისს ძალაში შევიდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატა სახელმწიფო აუდიტის სამსახურად გარდაიქმნა, ხოლო კონტროლის პალატის თავმჯდომარეს გენერალური აუდიტორი ეწოდა.

აღნიშნული არ ითვალისწინებს საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო ორგანიზაცია (INTOSAI) და მსოფლიო პრაქტიკა იცნობს უმაღლესი აუდიტორული ორგანოების 3 ძირითად სახეს, მათგან ერთ-ერთი საპარლამენტო სისტემაა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ვესტმინსტერული მოდელი. მისი განმასხვავებელი ნიშანი სხვა სახეებისგან არის ის, რომ მას ერთპიროვნულად მართავს არჩეული პირი, ხოლო თავად დაწესებულება საპარლამენტო ანგარიშვალდებულების სისტემის ნაწილია.

ამ მოდელისთვის დამახასიათებელი სახელწოდება მსოფლიოში გავრცელებულია, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახური (National Audit Office, State Audit Office), ხოლო მისი ხელმძღვანელი კანონმდებლობაში მოიხსენიება, როგორც გენერალური აუდიტორი (Auditor-General).

უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის (EUROSAI) წევრი ინსტიტუტების 95%, რომლებიც ვესტმინსტერულ მოდელს მიეკუთვნებიან, სწორედ ამ სახელწოდებებს იყენებენ.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური თანამშრომლობს აუდიტის საერთაშორისო თანამეგობრობასთან. მიმდინარეობს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესი, რამაც არსებითად შეცვალა უწყების ბუნება და როლი საჯარო ფინანსების მართვაში. მაკონტროლებელი საქმიანობის ნაცვლად, უწყება ახორციელებს თანამედროვე, რისკზე დაფუძნებულ აუდიტს.

ამდენად, უწყებაში განხორციელებული ფართომასშტაბიანი ინსტიტუციონალური რეფორმა და მსოფლიო პრაქტიკა აისახა მის სახელწოდებაზე და უწყებას ეწოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახური, მის არჩევით ხელმძღვანელს კი - გენერალური აუდიტორი.

შესაბამისად, შეიქმნა უწყების ახალი ვებგვერდი www.sao.ge და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებგვერდი www.saomonitoring.ge, რომელზეც შესვლა შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ასევე მთავარი ვებგვერდიდან. აღნიშნული ვებგვერდები ფუნქციონირებას დაიწყებს მიმდინარე კვირის ბოლომდე“, - ნათქვამია განცხადებაში.