თეა წულუკიანი: ევროსაბჭოს მაღალჩინოსნები  „გლობალ ტვ“-ის საკითხიდან დაწყებული,  მერეთში ინციდენტით დამთავრებული  ინფორმაციას ფლობდნენ

თეა წულუკიანი: ევროსაბჭოს მაღალჩინოსნები „გლობალ ტვ“-ის საკითხიდან დაწყებული, მერეთში ინციდენტით დამთავრებული ინფორმაციას ფლობდნენ

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა და „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თეა წულუკიანმა სტრასბურგში ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა   და საგაზაფხულო სესიის დელეგატებსა და ევროსაბჭოს მაღალჩინოსნებს სხვადასხვა სახის  ინფორმაცია მიაწოდა.

წულუკიანის განცხადებით, ის  საპარლამენტაშორისო ასამბლეის საპარლამენტო ჯგუფის ყველა ლიდერს, ადამიანის უფლებათა კომისიის აპარატისა და მონიტორინგის კომიტეტის თანამშრომლებს და იტალიელ დეპუტატ ვოლონტეს შეხვდა, რომელიც წულუკიანის თქმით, როგორც ირკვევა იმ მისიის ხელმძღვანელია, რომელიც საქართველოში ოქტომბერში არჩევნებს დააკვირდება.

წულუკიანის განმარტებით,  ამ შეხვედრების განმავლობაში, ის აწყდებოდა ადამიანებს, რომლებმაც  „გლობალ ტვ“-ის საკითხიდან დაწყებული, სოფელ მერეთში ინციდენტით დამთავრებული, თუ რა სიტუაციაა  საქართველოში შესანიშნავად იცოდნენ, თუმცა აღნიშნავს, რომ  მათ უფრო დეტალები აინტერესებდათ და ამ დეტალების მათთვის მისაწოდებლად მისი იქ ყოფნა მნიშვნელოვანი იყო.

აქვე წულუკიანი აცხადებს, რომ შეხვდა იმ ადამიანებსაც, რომლებიც მაინცდამაინც ჯერ-ჯერობით ვერ არიან გარკვეულნი იმაში, თუ რეალურად, ხელისუფლებას  საით სურს წაიყვანოს წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყანა.

წულუკიანი მიიჩნევს, რომ  აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებთან მისი შეხვედრა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო, როგორც „ქართული ოცნებისთვის“ ისე  ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლისთვის.

წულუკანის განცხადებით, შეხვედრის დროს, ის ხელისუფლების საქმიანობის შედეგად აღმაშფოთებელ მომენტებსაც წააწყდა.

„ერთ-ერთი ამგვარი ფაქტი  მაგალითად, ის იყო,  რომ თურმე ხელისუფლება  ევროსაბჭოს კულუარებში და აქ მომუშავე ადამიანებს იქნებიან ეს პარლამენტარები თუ მაღალჩინოსნები არწმუნებს, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდები კრიმინალები არიან  და ამისათვის  მიშა მესხის ე.წ. საქმეს იყენებენ. მე მომიწია იმის ახსნა, რომ დიახ,  არსებობს ქუთაისელი ახალგაზრდა ამბროლაძე, რომელიც დღეს ციხეში  ზის  და რომელიც აბოლუტურად მსხვერპლია იმ პროვოკაციისა, რომელიც თვითონ ხელისუფლებამ დაგეგმა.  დიახ,  არსებობს ახალგაზრდა გვარად ამაშუკელი, რომელიც შეცდომაში იქნა შეყვანილი და რა თქმა უნდა, არსებობს მიშა მესხი, რომელმაც ტელევიზიაში ის განცხადება გააკეთა.  სირცხვილად  მიმაჩნია, რომ  ხელისუფლებამ ეს საქმე გამოიყენოს და ამ ახალგაზრდებს კიდევ უფრო დიდი დარტყმა მიაყენოს ევროპულ დონეზე და   არანაკლებ საშინელებაა, რომ ეს საქმე ახალი თაობის კრიმინალად შერაცხვისთვის გამოიყენოს, თუნდაც გარეშე  მეგობარი ქვეყნების თვალში.  მე მათ ავუხსენი, რომ კოალიციამ მიიღო მნიშვნელოვანი, თუმცა ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება ამ სამი პირის გარიცხვის შესახებ,  რის შესახებაც არცერთმა პარლამენტარმა თუ მაღალჩინოსმა არ იცოდა.  მათ თვითონ თქვეს, რომ ეს იმას ნიშნავდა,  რომ კოალიცია არ გასცემდა ინსტრუქიას იმისთვის,  რომ ახალგაზრდებს ამგვარი შეცდომა დაეშვათ“, - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები თურმე  ევროპელებს ეუბნებიან, რა არის მათი  კონკრეტული გეგმები არჩევნების კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით.

„ორი თარიღი დასახელდა. მე ამ თარიღებს პოლიტიკური საღი გარემოს ინეტერსებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ დავასახელებ. მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ გარე-გარე კი არ იარონ და თუნდაც მეგობრებს, გარეშე ადამიანებს კი არ ესაუბრონ რას აპირებენ და როდის აპირებენ არჩევნების ჩატარებას არამედ, პირველ რიგში,  ეს  ქართველ ხალხს უთხრან, რომელიც ამ არჩევნებს ელოდება და გარე მეგობრებს ამ თარიღის შესახებ მერე აცნობონ“, - განაცხადა წულუკიანმა.