ზურაბ ტყემალაძე: ყველა ზომას მივმართავთ იმისათვის, რომ კანონმა იკანონოს

ზურაბ ტყემალაძე: ყველა ზომას მივმართავთ იმისათვის, რომ კანონმა იკანონოს

პოლიტიკური პარტიის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ერთ ერთი ლიდერის, ზურაბ ტყემალაძის შეფასებით, საქალაქო სასამართლომ  „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური პარტიების დაჯარიმებით „ყოვლად“ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ტყემელაძემ From.ge სთან საუბარში განაცხადა, პარტიას „არც უსასყიდლო და არც  სასყიდლიანი“ არავითარი სარგებელი არ მიუღია. აქედან გამომდინარე პარტია მასზე დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

„ეს აბსოლუტურად აბსურდული მომენტია და ყოვლად არაკანონიერი გადაწყვეტილებაა. საუბარია რიგი პოლიტიკური პარტიების მიერ თებერვალ-მარტში რაღაც უსასყიდლოდ განხორციელებულ ოპერაციაზე  და არა ჩვენს პარტიაზე.  დღეს კი ჩვენც გვეუბნებიან, რომ უნდა გადავიხდაოთ კანონდარღვევით დაკისრებული ჯარიმები“, - აცხადებს ტყემალაძე.

მისი თქმით, პარტიას ამ ეტაპზე არ აქვს იმის ფინანსური საშუალება, რომ აღნიშნული თანხები გადაიხადოს, ამიტომ ისინი აღნიშნული გადაწყვეტილების უახლოეს მომავალში გასაჩივრებას აპირებენ.

„თუმცა გასაჩივრების შემთხვევაშიც, ჩვენ ვალდებულნი ვიქნებით სახელმწიფო ბაჟიც გადავიხადოთ. რაც ისეთი მაღალია, მის გადახას შევძლებთ თუ არა ესეც საკითხავია. მაგრამ ჩვენ ამ პროცესს მივყვებით ბოლომდე და  ყველა ზომას მივმართავთ იმისათვის, რომ კანონმა იკანონოს“, - დასძინა ტყემალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ პოლიტიკურ პარტიებს დღეს 2 383 097 ლარის ჯარიმა დააკისრა.