მანანა კობახიძე : ბიძინა ივანიშვილის და კოალიციის წინააღმდეგ ხელისუფლების ქმედებები წესების გარეშე ბრძოლას ჰგავს

მანანა კობახიძე : ბიძინა ივანიშვილის და კოალიციის წინააღმდეგ ხელისუფლების ქმედებები წესების გარეშე ბრძოლას ჰგავს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე აღსრულების ბიუროს მიერ, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის აქციების დაყადაღებას  „ქართუ ჯგუფში“,  „ქართუ ბანკსა“ და „პროგრეს ბანკში“ პოლიტიკურ ტერორს უწოდებს.

კობახიძის განცხადებით, დღეს აღსრულების ბიურო, კონტროლის პალატა, პროკურატურა, სასამართლო და  სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებები აბსოლუტურად არაადექვატურად მოქმედებენ და კანონის ჩარჩოებიდან იმ მიზნით გამოდიან, რომ როგორმე „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისა და კოალიციის  პოლიტიკური აქტიურობა შეაჩერონ და შეაფერხონ.

მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის და კოალიციის წინააღმდეგ ხელისუფლების ქმედებები წესების გარეშე ბრძოლას ჰგავს.

„ასეთი ქმედებებით ნამდვილად ვერაფერს  მიაღწევენ, ვინაიდან საზოგადოება ადექვატურია და ძალიან სწორად აფასებს ეს ყველაფერი, თუ რისკენაა მიმართული. როდესაც ადამიანი არ ფლობს აქციებს და არ წარმოადგეს ამა თუ იმ კომპანიის მესაკუთრეს ბუნებრივია, სხვის ქონებაზე  ყადაღისა და აღსრულების მიქცევა  საკუთრების უფლების დარღვევას წარმოადგენს. შესაბამისად, აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილება აბსოლუტურად არასამართლიანი და უკანონოა“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, კოალიციის ლიდერის წინააღმდეგ მიღებული უსაფუძვლო  გადაწყვეტილებები  ეროპის სასამართლოში აუცილებლად გასაჩივრდება.

„საჩივარი ერთი მიმართულებით უკვე შეტანილია გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში. სხვა გადაწყვეტილებებს ევროპის სასამართლოში აუცილებლად გავასაჩივრებთ და რა თქმა უნდა, მოვა დრო,  როდესაც ევროპის სასამართლო ამ ყველაფერზე  იმსჯელებს და აუცილებლად  დადგინდება,  რომ ეს ქმედებები  პოლიტიკური ნიშნით  დისკრიმინაციის მატარებელი იყო“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით,  მიუხედავად იმისა, რა ტიპის ჯარიმები არ უნდა იყოს გამოყენებული ივანიშვილის წინააღმდეგ,  კოალიცია და  ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ აქტივობას აუცილებლად გააგრძელებს.