პოლიციამ მერეთში მომხდარი ინციდენტის მონაწილე 4 პირი დააკავა

პოლიციამ მერეთში მომხდარი ინციდენტის მონაწილე 4 პირი დააკავა

პოლიციამ გორის რაიონის სოფელ მერეთში მომხდარი ინციდენტის მონაწილე 4 პირი - ლაშა ჭიღლაძეს, ალექსანდრე ოდიშვილს, ალექსანდრე კიკოლაშვილს და დავით ბზიშვილს დააკავა. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

განცხადების თანახმად, ინციდენტის დროს, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფიზიკური შეხლა-შემოხლას, რითაც აღნიშნულმა პირებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს. შსს ინფორმაციით, სწორედ ამის საფუძველზე გორის რაიონულმა სასამართლომ მათ ათი დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აქვე ნათქვამია, რომ 26 ივნისს, კოალიცია "ქართული ოცნების" მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება პოლიციამ მოახდინა.

„გავრცელებული ინფორმაცია, რომ ზემოთ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სინამდვილეს არ შეეფერება“- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გორის რაიონის სოფელ მერეთში მოსახლეობის დაპირისპირება გუშინ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას გამოჩენას მოყვა.

კოალიციაში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე პროვოკაცია ხელისუფლებამ მოაწყო. მათივე თქმით, კოალიციის ლიდერებთან შესახვედრად ბევრი ხალხი გამოვიდა, რასაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ ელოდნენ, ამიტომ დაპირისპირების პროვოცირებისთვის პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გამოიძახეს და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.