კონტროლის პალატის შენობასთან „ქართული ოცნების“ აქცია - ჭორების პალატა გაიმართა

კონტროლის პალატის შენობასთან „ქართული ოცნების“ აქცია - ჭორების პალატა გაიმართა

კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კონტროლის პალატასთან თეატრალიზებული  აქცია „ჭორების პალატა“ გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, კონტროლის პალატაში გადაწყვეტილებებს ჭორებზე დაყრდნობით იღებენ და აღნიშნეს, რომ აქედან გამომდინარე ეს გადაწყვეტილებები იურიდიულ, დასაბუთებულ და არგუმენტირებულ ინფორმაციას არ შეიცავს.

„ვაპროტესტებთ კონტროლის პალატის აბსოლუტურად უკონტროლო გადაწყვეტილებებს, მათ შორის, „გლობალ ტვ“- სთან დაკავშირებულ საკითხებს და მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში მხოლოდ ჭორაობით ირთობენ თავს“ - განაცხადა ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, ცოტნე ზურაბიანმა.

დღესვე ახალგაზრდებს კონტროლის პალატის წარმომადგენლებისთვის „ჭორაობისა და უსაქმურობისთვის აუცილებელი ნივთების“ - ყავის, ბანქოსა და ფრჩხილის ლაქის გადაცემა სურდათ, თუმცა, კონტროლის პალატაში „ქართული ოცნების“ საჩუქარი არ მიიღეს.

ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის, შოთა ძაგნიძის თქმით, ის შენობაში შევიდა და სასაჩუქრე კალათა კონტროლის პალატის შესასვლელთან დატოვა.