სააღმსრულებლო წარმოების დაწყების შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, ამ დრომდე არანაირი ოფიციალური დოკუმენტი არ მიუღია. მისი ადვოკატის, ეკა ბესელიას თქმით, ივანიშვილის გადაწყვეტილება კვლავ უცვლელია და იგი ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
როგორც ბესელია აცხადებს, კოალიცია ხელისუფლების ნაბიჯებს ელოდება და საპასუხო ნაბიჯების გადაგმას ამის შემდეგ აპირებს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება უკანონოა და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური სურვილით იყო ნაკარნახევი. შესაბამისად ყველა შემდგომი ქმედება, რომელიც შეიძლება აღსრულების სამსახურმა განახორციელოს, ბუნებრივია უკანონო იქნება. თუ ისინი დააღვევენ პროცედურებს და აღსრულების სამსახური იმოქმედებს კანონის დარღვევით, ბუნებრივია ჩვენ შესაბამის სამართლებივ რეაგირებას მოვახდენთ ამ გადაწყვეტილებებზე“, - განაცხადა ბესელიამ.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ივანიშვილის ჯარიმებთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული ორი სააღმსრულებლო ფურცელი დღეს მიიღო. სააღმსრულებლო წარმოების პროცედურა პირველ ეტპაზე მოვალის გაფრთხილებას ითვალისიწინებს, რათა მან 7 დღის განმავლობაში მოახდინოს მისი დაფარვა, ვადის ამოწურვის შემდეგ კი იძულებითი აღსრულების კონკრეტული პროცედურები იწყება.
საქმე ეხება კონტროლის პალატის ორ ოქმს, რის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშილს ერთ შემთხვევაში 22 მლნ 429 ათას 941 ლარით, ხოლო მეორე შემთხვევაში 126 მლნ 220 ათას 190 ლარით დააჯარიმა.