"ქართული ოცნება" ლაშა კურტანიძის საქმე აჩვენებს, როგორ ექცევა სააკაშვილის ხელისუფლება პოლიციელებს

კოალიცია "ქართული ოცნება“ პოლიციელ ლაშა კურტანიძეს და მის ოჯახს თანადგომას უცხადებს.  ამის შესახებ ქართული ოცნება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც from.ge  უცვლელად გთავაზობთ.

კურტანიძე-ჭელიძის საქმესთან დაკავშირებით, გვინდა, ხელისუფლების საყურადღებოდ აღვნიშნოთ, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ არ საჭიროებს რაიმე ჩანაწერებს და, მით უმეტეს, მათი მოპოვების ორგანიზებაში მონაწილეობას. ჩვენთვის ისედაც კარგად არის ცნობილი, თუ რა განწყობა სუფევს საჯარო სამსახურში, მათ შორის პოლიციაში. ასეთი ტიპის უამრავი ინფორმაცია შემოდის ყოველდღიურად კოალიციაში მხარდამჭერების და მოხალისეების მხრიდან, რაც ქმნის აბსოლუტურად ნათელ სურათს საჯარო სამსახურში არსებული მდგომარეობის შესახებ.

პირიქით, ხელისუფლებას კურტანიძე-ჭელიძის საქმე თავად სჭირდება ჩვენი კოალიციისთვის ჩრდილის მისაყენებელად, მაგრამ ამგვარი მეთოდები უკვე აღარ ჭრის. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება პატიმარ ადამიანს იყენებს იარაღად ამ ბინძურ საქმეში.

ამასთან, ჩვენს შეშფოთებას იწვევს პოლიციელი ლაშა კურტანიძის ბედი, რომელიც შესაძლოა თავად იყოს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლი. როგორც მისი მეუღლის მიერ ერთ-ერთ ტელევიზიაში მიტანილი წერილიდან იკვეთება, ლაშა კურტანიძის მიმართ თბილისის საპატრულო პოლიციის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის - გიორგი გეგეჭკორის მხრიდან, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა წამებისა და ფიზიკური განადგურების მუქარის ფაქტს, რის შემდეგაც, ლაშა კურტანიძე იძულებული გახდა, ჯერ მიეცა ცრუ ჩვენება, ხოლო შემდეგ მიმალულიყო.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პირი და მისი ოჯახი სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას და, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციას ამ საქმესთან შეხება არ აქვს, ჩვენ ვუცხადებთ ლაშა კურტანიძის ოჯახს თანადგომას და კანონით დაშვებულ ყველა ზომას მივმართავთ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის და მათი მხარდაჭერის მიზნით. ლაშა კურტანიძის საქმე აჩვენებს, თუ როგორ ექცევა სააკაშვილის ხელისუფლება სამშობლოს სამსახურში მდგარ პოლიციელებს.

ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, უზრუნველყოს , როგორც ლაშა კურტანიძის ოჯახის, ასევე პატიმარ ზაზა ჭელიძისა და მისი ოჯახის უსაფრთხოება, რომელთაც, სავარაუდოდ, ზეწოლის შედეგად მიაცემინეს მათთვის საჭირო ე.წ. აღიარებითი ჩვენება. მოვითხოვთ, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე წერილში მოყვანილი წამებისა და მუქარის ფაქტზე, დაიკითხოს გიორგი გეგეჭკორი, დადგინდეს სიმართლე და დაისაჯონ დამნაშავეები “,- ნათქვამია განცხადებაში.