ხელისუფლებისა და „ნაციონალური მოძრაობის

ხელისუფლებისა და „ნაციონალური მოძრაობის" აქტიურობას შორის მიჯნის გავლება თითქმის შეუძლებელია

„სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებული საარჩევნო გარემოს კვლევის მორიგი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ წინა თვესთან შედარებით, საარჩევნო გარემო უფრო მეტად დამძიმებულია. თუმცა ასევე აღნიშნულია, რომ ამჯერად რეგიონებში პოლიტიკური პარტიების საგრძნობლად გააქტიურებაც შეინიშნება.

"მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია არ დაუწყია, ადგილობრივ თვითმმართველობებში ხშირია შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრებზე, უმრავლეს შემთხვევებში, გაჟღერებულია წინასაარჩევნო ხასიათის დაპირებები. ამ შეხვედრებში მონაწილეობენ პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც აღიქმებიან, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლები. ჩვენთვის, როგორც დამკვირვებელი ორგანიზაციისთვის, ხელისუფლებისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტიურობას შორის მიჯნის გავლება თითქმის შეუძლებელია",  - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიში ასევე მოიცავს ინფორმაციას კონტროლის პალატის საქმიანობის თაობაზე, ასევე მონაცემებს პოლიტიკური პარტიების მიერ განხორციელებული საჯარო შეხვედრებისა და მოქალაქეთათვის პარტიების მიერ მიცემული დაპირებების თაობაზე.

ანგარიშის თანახმად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გარდა, რეგიონებში განსაკუთრებული აქტიურობით "ახალი მემარჯვენეები" და "ქართული ოცნება" გამოირჩეოდნენ. ანგარიშში ასევე განმარტებულია, რომ საანგარიშო პერიოდში ნაციონალურმა მოძრაობამ 68 შეხვედრა გამართა, სადაც მოქალაქეებისთვის შეთავაზებულ დაპირებებს შორის ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური პრობლემების მოგვარება, გაზიფიცირების პრობლემის გადაჭრა და დასაქმების პრობლემის მოგვარება ჭარბობდა.

როგორც ანგარიშიდან გახდა ცნობილი, ახალმა მემარჯვენეებმა ერთი თვის განმავლობაში 51 შეხვედრა გამართა, ისინი მოსახლეობას სოფლისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის 300%-ით გაზრდას, სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისთვის დაზღვევის საყოველთაო ხელმისაწვდომობას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობას, საწვავის და სხაქიმიკატების გაიაფებას, "სასოფლო ბანკის" შექმნას, სასმელი წყლის მოწოდების გაუმჯობესებასა და ჯანდაცვისა და განათლების ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომობას დაჰპირდნენ.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მან საანგარიშო პერიოდში 47 საჯარო შეხვედრა გამართა და შემდეგი დაპირებები გასცა: სახელფასო განაკვეთების გაზრდა პედაგოგებისთვის, საქართველოს ყველა მოქალაქის დაზღვევა, სოფლის მეურნეობის გაუმჯობესება, ყველა მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის ცენტრების გახსნა, მილიარდიანი ფონდის შექმნა, რომელიც მხოლოდ სოფლის მეურნეობას და ინფრასტრუქტურის გამართვას მოხმარდება და უპროცენტო კრედიტის მიღების შესაძლებლობა.

არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მიიჩნევს, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის უფრო მეტად აქტიური ნაბიჯებია გადასადგმელი, მათ შორის კონკრეტულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის სახითაც. ანგარიშის პერიოდში დაფიქსირებული დარღვევებიდან გამომდინარე ორგანიზაცია უწყებათაშორის კომისიასაც მიმართავს რეკომენდაციით და ურჩევს რომ უფრო აქტიურნი გახდნენ.

მეორე შუალედური ანგარიში მოიცავს პერიოდს, 2012 წლის 4 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, აგრეთვე მოვლენებს რომელთა განვითარება 4 მაისამდე დაიწყო, მაგრამ მონიტორინგის პერიოდში მიმდინარეობდა. ორგანიზაცია აგრძელებს წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს და ივნისის თვის ანგარიშს ივლისის შუა რიცხვებში გამოაქვეყნებს.

ცნობისთვის, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაფინანსებით, წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში გრძელვადიანი დამკვირვებლების მეშვეობით ახორციელებს.