იოკო ონო: “სიცოცხლე მშვენიერია”

იოკო ონო: “სიცოცხლე მშვენიერია”

1980 წლის 8 დეკემბერს ჯონ ლენონი ნიუ-იორკში თავისი სახლის – “დაკოტას” მახლობლად მისმა შეშლილმა ფანატმა მარკ ჩეპმენმა ზურგში ხუთი ტყვიის დახლით მოკლა. ყოველივე ეს იოკო ონოს თვალწინ მოხდა, რომელიც ის-ის იყო დაბრუნდა ხმისჩამწერი სტუდიიდან და გვერდით ედგა ქმარს.

 

იმ ტრაგიკული მოვლენიდან 31 წელი გავიდა. ცოტა ხნის წინ მუსიკალური გამოცემა “Rolling Stone”-ს  ჟურნალისტები ქალბატონ იოკო ონოს შეხვდნენ და საუბარი იმ საბედისწერო დღის გახსენებით დაიწყეს.

 

- როცა ჯონი დაიღუპა, სიგიჟის ზღვარზე, შოკში ვიყავი. დღემდე ვერ გამიგია, როგორ გადავიტანე ეს უბედურება. გამუდმებით ვეკითხებოდი საკუთარ თავს: რა მოხდა? რატომ? რაღაც მომენტში ყოველგვარი თავდაჯერება დავკარგე. ერთადერთი, რამაც თავი გადამარჩინა, ჩემი და ჯონის ვაჟი შონი იყო. სწორედ მან შემმატა ძალები, და მივხვდი, რომ მის გამო უნდა მეცოცხლა. შონისთვის მამა ქვეყნად აბსოლუტურად ყველაფერი იყო. როცა წამოიზარდა, ერთი ძველი უნიკალური ჩანაწერი მოვასმენინე, რომელზეც ის მამასთან ერთად მღერის: მაშინ სამი წლის თუ იქნებოდა. როცა უსმენდა, შონი, რაღაც მომენტში, მოულოდნელად ატირდა და მითხრა: “დე, რა მაგარი ვინმე იყო მამაჩემი!”

 

- ოდესმე საკუთარ ასაკზე თუ დაფიქრებულხართ?

 

- არასოდეს. იმიტომ, რომ ეს საკითხი არასოდეს მაწუხებდა. არც ოცდაათი, არც ორმოცი და ორმოცდაათი წლის ასაკში. მაგრამ აი, როცა სამოცდაათმა მომიკაკუნა, შევძახე: “ რა მაგარია, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ! სიცოცხლე მშვენიერია!”.

 

- თუ არსებობს ლენონის ერთი რომელიმე სიმღერა, რომელიც გამორჩეულად გიყვართ და შეგიძლიათ დილიდან საღამომდე უსასრულოდ უსმინოთ?

 

- განურჩევლად მიყვარს მისი ყველა სიმღერა. მერწმუნეთ, არ ვაზვიადებ. ჯონი წარმოუდგენლად ნიჭიერი მუსიკოსი იყო და მის კომპოზიციებს მართლა ყოველდღე, პრაქტიკულად, დილიდან საღამომდე ვუსმენ. მე ხომ გამუდმებით მომმართავენ თხოვნით, გამოვიყენო ლენონის ესა თუ ის სიმღერა, არაღარაფერს ვამბობ იმ ფაქტზე, რომ თავად ვარ დისკების შედგენით დაკავებული.

 

- არის ისეთი რამ, რასაც გამორჩეულად ნანობთ?

 

- დიახ, იმას რომ ჯონი დღეს ჩემს გვერდით არ იმყოფება და რომ ვიდრე ცოცხალი იყო, იშვიათად ვეუბნებოდი: “მიყვარხარ”.