რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა კევინ კოსტნერმა ახალ სურათში გადაღება დაიწყო. ამ ჯაშუშური კომედიის სახელწოდებაა “იტალიურის შესწავლისას”. სურათის რეჟისორი კევინ რეინოლდსია.
კოსტნერი ფილმში ითამაშებს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტს. მისი გმირი ადრე დაშვებული შეცდომის გამო ზღვის ნაპირას მდებარე პატარა სიცილიურ სოფელში მიემგზავრება, რათა დანაშაულებრივი სამყაროს მეთაურზე თვალთვალი დააწესოს. ჯაშუშს ისე მოეწონება ახალი ადგილი, რომ როდესაც ამერიკაში დაბრუნებას უბრძანებენ, არარსებულ მუქარას გამოიგონებს, რათა რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს იტალიის იდილიურ სოფელში.
ფილმის გადაღებები იტალიაში, ეოლიის კუნძულებზე და მიუნჰენთან ახლოს მდებარე პავილიონებში მიმდინარეობს.
მიმდინარე წლის ოქტომბერში კი კევინ კოსტნერი თავად მოგვევლინება რეჟისორის ამპლუაში. მსახიობი გადაიღებს სურათს “ჩვენი პატარა ომი”. ეს ფილმი კოსტნერის რიგით მეოთხე რეჟისორული ნამუშევარი იქნება “მგლებთან მოცეკვავის”, “ფოსტალიონისა” და “ღია სივრცის” შემდეგ.
ფილმის მოქმედება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში განვითარდება. კოსტნერი შერიფის როლს შეასრულებს, რომელიც ცდილობს იხსნას თავისი ქალაქი მოსალოდნელი უბედურებისაგან. გერმანული წყალქვეშა ნავის მეთაურის როლზე კრისტოფ ვალცის ვიხილავთ.
მომავალი სურათის სცენარი დენ გორდონმა დაწერა, პროდიუსერობა კი არმიან ბერნსტაინმა იკისრა.