ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ მესხს, მიხეილ ამაშუკელსა და გაგა ამბროლაძეს 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ მესხს, მიხეილ ამაშუკელსა და გაგა ამბროლაძეს 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ სამ აქტივისტს, მიხეილ მესხს, მიხეილ ამაშუკელსა და გაგა ამბროლაძეს 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების მასალების მიხედვით მათ ბრალი ედებათ, იმაში, რომ 2012 წლის 5 ივნისს, მოსახლეობასთან გამართული შეხვედრებისას, "ქართული ოცნების" პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ მოქალაქეებს ბუკლეტების შევსების და მათში ქონებრივი ხასიათის სურვილების დაფიქსირების გზით დაპირდნენ 1000 ლარის ფარგლებში ფულის, ან სხვა ქონების გადაცემას. 

სასამართლო სხდომას ესწრებოდა ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ლიდერი, დიმიტრი ლორთქიფანიძე. ლორთქიფანიძის თქმით,  ადვოკატებმა  იშუამდგომლეს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების ნაცვლად, გირაოს  შეფარდების შესახებ,  ასევე თავდებობის წინადადებით თვითონაც გამოვიდა, თუმცა აღნიშნა, რომ სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„მე წარვადგინე პირადი თავდებობა ამ სამი ბრალდებულის მიმართ, მათი სათანადო ქცევის უზრუნველყოფის მიზნით, მოსამართლე თევზაძემ კი აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მათ 2 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა“, - აცხადებს ლორთქიფანიძე.

საქმის არსებითი განხილვა 17 ივნისისთვის ჩაინიშნა.

ამასთან, გუშინ "ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ზემოხსენებული პირები "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან" გაირიცხნენ.