მიუხედავად მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიური კრიზისისა, საკვები პროდუქტების წარმოებისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესი გასაღების დეფიციტს არ განიცდის. ეს აქსიომა კარგად იციან ფრანგმა მსახიობებმა პიერ რიშარმა და ჟერარ დეპარდიემ.
მათი სახით მსოფლიოს ღვინით მომარაგების ბაზარზე ორი ახალი ბრენდი გამოჩნდა. პირველმა საფრანგეთში ოცი ჰექტარი ვენახი შეიძინა და გადაღებებისაგან თავისუფალი დრო სოფლის მეურნეობის ამ დარგს დაუთმო.
საქმიანობა ჩინებულად აქვს დაყენებული. ვაზს დაქირავებული რამდენიმე გლეხკაცი უვლის, კომერციულ მხარეს კი რიშარის ღვიძლი დაიკო, ქალბატონი ვერონიკა უძღვება.
ფრანგი დეგუსტატორების მტკიცებით, ღვინის მარკა “პიერ რიშარი” განსაკუთრებული არომატითა და სასიამოვნო გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.
მუსიე “სათამაშოს” გარდა ბახუსის ნაწარმის ბიზნესით გრაფი მონტე-კრისტო, ანუ ჟერარ დეპარდიეც არის დაკავებული. ამ უკანასკნელმა თანამემამულე პიერს გაქანებაში აშკარად აჯობა და ვაზი ორმოც ჰექტარზე გააშენა. ღვინის ჩამოსხმის წარმოებაც იქვე განათავსა და წელიწადში სულ რაღაც ნახევარ მილიონ ბოთლს უშვებს. ამ რაოდენობის დიდი წილი ექსპორტზე გადის, დარჩენილი მარაგი კი მსახიობის ახლობელ-ნათესავებისათვის არის განკუთვნილი.
აი, ერთ-ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ უჭირს ქართულ ღვინოს უცხოეთში გასაღების ახალი ბაზრების პოვნა. ორი კინკილა კინომსახიობი თუ ამდენს ახერხებს, წარმოიდგინეთ, სერიოზული საწარმოები რა რაოდენობის პროდუქციას გამოუშვებენ.