საჩუქარი ახლობლისთვის

საჩუქარი ახლობლისთვის

ნებისმიერ ჩვენთაგანს ერთი საერთო რამ გვახასიათებს, ძალიან გვიყვარს სხვისი ყურადღება და სხვადასხვა საჩუქრების მიღება. არსებობს ერთი დაუწერელი კანონიც, თუ გინდა სხვა ადამიანის კეთილგანწყობის დამსახურება, ამ პიროვნებას ზუსტად შერჩეული საჩუქარი უნდა მიართვა.

 

თუ ჯიბეში ფულის სიმცირეს არ განიცდი, ახლობელ ადამიანს შეგიძლია ისეთი საჩუქარი გაუკეთო როგორიც სტივენ სპილბერგმა საკუთარ მეუღლე კეით კეპშოუს. “უცხოპლანეტელის” შემქმნელმა ცოლს იპოდრომი აუშენა. ეს ნაგებობა ექვსართულიანი სახლის სიმაღლეა, 2.5 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდა და 15 მილიონი დოლარი დაჯდა. თუ ამ რაოდენობის თანხას ჯერ არ ფლობთ, გული არ გაიტეხოთ და მსახიობებს ჯონი დეპს ან რიჩარდ ბარტონს მიბაძეთ.

 

პირველმა შეყვარებულს, ტოპ-მოდელს ქეით მოსს 1.6 მილიონ დოლარად შეფასებული ბრილიანტის კოლიე უფეშქაშა, მეორემ კი იმ დროს კანონიერ მეუღლეს ელიზაბეტ ტეილორს 69 კარატიანი მარგალიტი მიართვა. ალბათ ამ სახის საჩუქრებს ახლობლებს საქართველოშიც ჩუქნიან, მაგრამ არ ახმაურებენ, რადგან თუ ჩვენებურ ოფიციალურ მილიონერთა რიგებს არ მიეკუთვნები საქმე ცუდად წაგივა. თქვენი საქმიანობით საგადასახადო ან სხვა მისი მონათესავე ორგანოები დაინტერესდებიან და სადაც არც არის იქ მიგაბრძანებენ. 

 

პატარა რჩევა მანდილოსნებს. შეგიძლიათ შეყვარებული გააწვალოთ, მხოლოდ ერთი ყვავილის მორთმევა სთხოვოთ და მიბაძოთ მსახიობ პატრისია არკეტს. ამ “ეგოისტმა” დიაცმა ჯერ კიდევ საქმროს, ნოკოლას კეიჯს საჩუქრად ერთი ცალი შავი ორქიდეა მოსთხოვა. საქმე იმაშია რომ ამ სახის ყვავილი ბუნებაში საერთოდ არ არსებობს და პატრისიასაც ვაჟბატონის გამოცდა სურდა. ნიკოლასიც არ დაიბნა, ერთი ჩვეულებრივი ორქიდეა შეიძინა და შემდეგ შავი საღებავითაც შეღება. ამაზეა ნათქვამი, ქალი გიყვარდეს და მისი გულისათვის ყველაფერს იკისრებო.

 

თუ ახლობელ ადამიანს ყვავილებით თავი მოაბეზრეთ, არ დაიბნეთ, გონება დაძაბეთ და მიჯნურს რაიმე ცხოველი მიუყვანეთ. თუ კომპლექსები გაწუხებთ და ამ ნაბიჯის გადადგმისა გრცხვენიათ, დაგამშვიდებთ და გაცნობებთ, რომ თავის დროზე მსახიობ კირსტენ დანსტს შეყვარებულმა ჯეიკ გილენჰაალმა ნაცრისფერი კნუტი მიართვა, ძალიან ცნობილ მანდილოსანს ბრიჯიტ ბარდოს კი ერთხელ ნამდვილი სელაპი აჩუქეს. 

 

თუ მაინც განსაკუთრებული ორიგინალურობით გინდათ რომ გამოირჩეთ, მიბაძეთ უკვე ჩვენთვის ნაცნობ ელიზაბეტ ტეილორს. მან თავის დროზე აწ გარდაცვლილ მაიკლ ჯექსონს უშველებელი სპილო აჩუქა. ამის გაკეთებას საქართველოში არ გირჩევთ, რადგან გოგონას თუ “საჩუქარი” მოეწონება, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით მის ოჯახზე და ახლობლებზე. ობოლი შეყვარებულის შემთხვევაში კი ამ უკანასკნელს სპილოს დასაბინავებელი ფართი ალბათ არ ექნება.

 

ჩვენს ქვეყანაში არც ისეთი ნაბიჯის გადადგმას გირჩევთ, როგორიც მაიკლ ჯექსონმა “იკისრა”. მან უკვე მართლაც რომ ხშირად ნახსენებ მსახიობ ტეილორს დაბადების დღეზე 60 ათას დოლარად ღირებული ზურმუხტის სამაჯური მიართვა. ეს ნივთი კი იუბილარს პროფესიონალმა სტრიპტიზიორმა კურიერმა გადასცა, რასაკვირველია ზედმეტი სამოსისაგან განთავისუფლების ფონზე. ამ სახის სერვისი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ ფუნქციონირებს, რადგან მისი მუშაობის დაწყებას ჩვენი მენტალიტეტი უშლის ხელს და ერთგვარი რისკ ფაქტორის მატარებელია.

 

მთავარი ყურადღებაა და არა საჩუქრის ფასი. გაახარე ახლობელი ადამიანი იმით რისი საშუალებაც გაგაჩნია.

 

ამ სიბრძნეს კარგად ფლობს ამერიკელი მსახიობი ენტონი ჰოპკინსი. მას სახლში კულინარული “ბეტსელერების” დიდი კოლექცია გააჩნია და საყვარელ ადამიანებსაც ბეჭდვითი პროდუქციის ამ ნიმუშით ასაჩუქრებს, თან წარწერასაც უკეთებს -“კარგ მადას გისურვებთ, თქვენი ჰანიბალი”

 

თუ შეყვარებულს მანქანა არ ჰყავს მაშინ რაიმე განსაკუთრებული და ამავდროულად საჭირო ნივთი მიართვით. მაგალითად ოკეანისგაღმელი ანჯელინა ჯოლი დანებს ეთაყვანება და მისი დიდი კოლექციაც გააჩნია.

 

ისე ადამიანებს ერთმანეთი თუ ნამდვილად უყვართ, აუცილებელი არ არის რაიმე ძვირადღირებული ნივთით საკუთარი გრძნობების დამტკიცება. მთავარი მაინც ყურადღება და თანაგრძნობის გამოხატვაა. ამას კი ვერანაირი ფულით ვერ მოიპოვებ. ამის დასადასტურებლად კი მსახიობი სარა ბერნარის მაგალითს მოგიყვანთ.

 

კარიერის დასასრულს ბერნარი ფინანსურ სიძნელეებს განიცდიდა. იცოდა რა ამის შესახებ, მისმა ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა, ბარონმა როტშილდმა მას შემდეგი შინაარსის ბარათი გაუგზავნა: ”მადამ, გაახლებთ ათას ფრანკს და მილიონ კომპლიმენტს”. მსახიობმა პასუხი არ დააყოვნა: “პირიქით არ შეიძლება?”