ჰილარი კლინტონი: ამერიკა ელის, რომ ძალაუფლების გადაცემა 2013 წელს დემოკრატიულად მოხდება

ჰილარი კლინტონი: ამერიკა ელის, რომ ძალაუფლების გადაცემა 2013 წელს დემოკრატიულად მოხდება

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა ქართველი იმსახურებს დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრებას, ხოლო ამერიკა ელის, რომ ძალაუფლების გადაცემა 2013 წელს დემოკრატიულად მოხდება.

"საქართველოში ძალიან დიდი შესაძლებლობებია. აშშ ქართველი ხალხის გვერდში იდგება, როცა ისინი თავიანთი უფლებების განსამტკიცებლად ნაბიჯებს გადადგამენ. ყველა ქართველი იმსახურებს, რომ დემოკრატიულ საქართველოში იცხოვროს. დღეს მე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შევხვდი და მათი მნიშვნელოვანი როლი განვიხილეთ საქართველოს დემოკრატიის გაღრმავებაში. აშშ-ს სჯერა, რომ დემოკრატიული პროცესისთვის ეს მამოძრავებელი ძალები ძალიან მნიშვნელოვანია.

სამოქალაქო აქტივიზმი, ღია დებატები, თანაბარი სამუშაო გარემო, საინფორმაციო შეღწევადობა ეს ყველაფერი საპარლამენტო არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ველით, რომ საქართველომ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს შემოდგომაზე და შემდეგ ძალაუფლების გადაცემა 2013 წელს, დემოკრატიულად მოხდეს და ჩვენ გვჯერა, რომ ყველა პარტიამ, ყველა კანდიდატმა პატივი უნდა სცეს პოლიტიკურ პროცესს და მოუთმენლად ველით, რომ ძლიერი ურთიერთობები იყოს იმ ადამიანთან, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს", - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.