ეს არის პრაგმატული გადაწყვეტილებების ეპოქა. ან შეცვლის ომის დღის წესრიგს მშვიდობის დღის წესრიგი და გადავრჩებით ყველა, ან შეიძლება სერიოზული პრობლემა დაუდგეს კაცობრიობას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. ამით იგი გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას იმის თაობაზე, რომ აშშ-მა შესაძლოა, უარი თქვას შუამავლობაზე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში, თუ რამდენიმე დღეში ამ მიმართულებით პროგრესს არ დაინახავს.
„10 წლის განმავლობაში ვმუშაობდი აშშ-ში, ჩვენს დიპლომატიურ მისიაში და, სხვათა შორის, ვაშინგტონშიც პირველი საელჩო ჩვენ გავხსენით და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაშიც. გარკვეული გამოცდილება იმისა როგორ მიდის მოლაპარაკებები, როგორ გადიან საერთო პოზიციებზე, ან რომ ვერ გადიან მერე ამას რა მოჰყვება, ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ მიმდინარეობდა ისტორიის ამ მონაკვეთზე, რასაც არ იცნობენ ახალგაზრდები, რომლებსაც ტვინებს ურეცხავენ და ზუსტად იციან როგორი მეთოდით გააკეთონ ეს.
მარკო რუბიო რასაც ამბობს, ეს არის სერიოზული თითის დაქნევა. ხანდახან ჩვენც ვუშვებთ ცოდვას და ვსაუბრობთ, ვინ როგორი ტაქტიკით ომობს, ვინ რა რაკეტას ან შეიარაღებას აწვდის უკრაინას, ან ვინ ეხმარება რუსეთს, მაგრამ საერთოდ გვავიწყდება ის, რაც მარკო რუბიომ თქვა - ადამიანები იხოცებიან, ამხელა ტირილი, რამდენი ცრემლი, რამდენი სისხლი, ახალგაზრდები, რამდენი უკვე ამ ომისგან გარდაცვლილი და დასახიჩრებული ადამიანი. ამის შეჩერების იდეა მოდის არა მარტო იმ ემოციიდან, რაც შეიძლება ადამიანებს გააჩნდეთ. ასეთ თამაშში, უკაცრავად ამ სიტყვას, რომ ვხმარობ, ასეთ დაპირისპირებაში, ასეთ გლობალურ წინააღმდეგობებში, ეს საკითხი არ არის არანაირად ემოციაზე დამყარებული. ეს არის პრაგმატული გადაწყვეტილებების ეპოქა. ან შეცვლის ომის დღის წესრიგს მშვიდობის დღის წესრიგი და გადავრჩებით ყველა, ან შეიძლება სერიოზული პრობლემა დაუდგეს კაცობრიობას“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ამერიკის პირველმა დიპლომატმა პარიზში ევროპელ კოლეგებთან გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მომხრეა, მაგრამ მას სხვა პრიორიტეტებიც აქვს.