დემურ გიორხელიძე: მსოფლიოში არც კი მოიძებნება ქვეყანა, სადაც ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთია

დემურ გიორხელიძე: მსოფლიოში არც კი მოიძებნება ქვეყანა, სადაც ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთია

ეკონომიკის ექსპერტი, დემურ გიორხელიძე „ეროვნული ბანკის“ განცხადებას საპროცენტო განაკვეთების კლებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ეს შესაძლებელია, თუ „ეროვნული ბანკი“ თავის ფუნქციას შეასრულებს და ზედამხედველობას მკაცრად განახორციელებს და არა ისე, როგორც ახლა ხდება, როდესაც კლანური ჯგუფების გავლენის გამო, ეროვნული ბანკი გაცრეცილია და გარკვეულ ჯგუფებს როგორც უნდა, ისე ახორციელებენ საბანკო საქმიანობას.
„თუ ეს ყველაფერი საკანონმდებლო ჩარჩოში არ იქნა ჩასმული, თუ შემოსავლების წყაროები არ იქნა მთლიანად ტრადიციულ, კლასიკურ საბანკო საქმიანობაზე კონცენტრირებული, საპროცენტო განაკვეთების კლება ვერ განხორციელდება. იმისთვის, რომ ბანკები გადარჩენილიყო და საქართველოს ეკონომიკა დაქცეულიყო, მათ მიეცათ ყველაფრის უფლება, დღეს, ისინი თვითონ არიან მწარმოებლები სხვადასხვა სფეროებში-ბანკი ხარ, ფული გაქვს. ე.ი შენ თვითონ უნდა აკეთო ბიზნესი, დაზღვევა, ჯანდაცვა, რესტორნების ქსელი და ა.შ .
როდესაც ქვეყანაში ეკონომიკა კატასტროფისკენ მიდის, ყოველი კუთხე-მოსახვევში საქართველში ბანკის ფიალიალი იხსნება, ეს ნიშნავს, რომ ბანკებს შემოსავალი უჩნდებათ არატრადიციული საქმიანობით. ეს აკნინებს საბანკო სფეროს ფუნქციას, გამოდის, რომ ბანკები გადაიქცნენ მსხვილ ჯგუფებად, რომელთა ხელშიც კონცენტრირდება როგორც ფულადი, ასე სხვა მატერიალური რესურსები. თავისუფალი ბიზნესისთვის და ახალი იდეის რეალიზაციისთვის კი ადგილი არასდროს არ იქნება“,-აღნიშნავს გიორხელიძე.
ექსპერტის განცხადებით, დღეს საქართველოში არსებული საბანკო სისტემა, საშინლად ცუდი საბანკო სისტემაა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ძალიან აფერხებს, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და ხელისუფლების დამოკიდებულება ბიზნესისადმი, განვითარების საშუალებას არ იძლევა.
„პრეზიდენტის განცხადება, რომ უნდა შემცირდეს პროცენტის განაკვეთი, თავისთავად სწორია. სწორედ ხელისუფლების მხარდაჭერის გამოა ასეთი არანორმალური სიტუაცია ამ მხრივ. ასეთი საპროცენტო განაკვეთებით, საქართველოში ლეგალურ სფეროში მოქმედ საწარმოს არ შეუძლია პროცენტების გადახდა. როდესაც ბიზნესისთვის და მეწარმისთვის კრედიტი 15-20%-ია, რაზე უნდა ვისაუბროთ. მსოფლიოში არც კი მოიძებნება ქვეყანა, სადაც ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთია და თუ მოიძებნება, იქ სხვა პირობებია. არც საპროცენტო განაკვეთები, არც სამეწარმეო პირობები, არც ხელისუფლების დამოკიდებულება ბიზნესისადმი, განვითრების საშუალებას არ იძლევა.
პირველ რიგში რაც უნდა გაკეთდეს, „ეროვნული ბანკი“ არა ფორმალურად, არამედ ფაქტიურად უნდა გათვისუფლდეს გავლენიანი ჯგუფების ზემოქმედებისგან, მაშინ ბანკი იმუშავებს იმ სეგმენტში, რომელიც მან კარგად უნდა აითვისოს-სესხების გაცემა პირდაპირი ეკონომიკისათვის, სესხების გაცემა მოქალაქეებისთვის და არ იფიქროს საინვესტიციო თამაშებზე“,-აცხადებს დემურ გიორხელიძე.