2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა ხონის სასჯელაღსრულების ყოფილი მე-13 დაწესებულების საკარანტინო სივრცეები, კარცერები და პატიმრების საცხოვრებელი შენობები დაათვალიერეს.
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეფასებით, ხონის სასჯელაღსრულების მე-13 დაწესებულება სააკაშვილის მმართველობის სიმბოლოა.
"ხონის სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეისთვის საქართველოში ერთადერთი ადგილია, სადაც სააკაშვილის ე.წ. კარცერების შენობა ხელუხლებელია და ზუსტად ისეთ მდგომარეობაშია, როგორც 2007-2009 წლებში გამოიყურებოდა. ვინაიდან კომისია იმ პერიოდის სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ სისტემურ დანაშაულებს იძიებს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი თვალით გვენახა ეს ყველაფერი.
ჩვენ კედლებზეც ვნახეთ პატიმრების მიერ გაკეთებული წარწერები, მათ შორის, წლებიც და ის, თუ როგორ ითვლიდნენ პატიმრები დღეებს ხაზების ჩამოსმით, რადგან მათ გარე სამყაროსთან ყველანაირი კავშირი აკრძალული და დაკარგული ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ეს რეალობა, რომელიც ჯერ კიდევ არ წაუშლია ისტორიას, როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალის სახით, ჩვენს დასკვნაში შევა.
ხონის №13 სასჯელაღსრულების დაწესებულება სააკაშვილის მმართველობის სიმბოლოა და ამით ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, არ იყო ქართული სახელმწიფოს მშენებელი თუ აღმშენებელი, ის იყო ჩვეულებრივი მწვალებელი, რომელიც ამ კარცერებში პატიმრებს არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლად აქცევდა", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
კომისიის მდივნის, სოზარ სუბარის განცხადებით, ხონის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული პირობები ტიპური იყო სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებისთვისაც.
"ამას თუ დავუმატებთ გადატვირთულობას, როდესაც ორი კაცის ადგილზე ხუთი, ექვსი და შეიძლება 10 პატიმარიც ყოფილიყო, წარმოვიდგენთ, რა პირობებში იყვნენ ადამიანები. პატიმრები შიგნით რომ ვერ ეტეოდნენ, ეზოში დგამდნენ კარვებს და ასე იყო არა მარტო აქ, არამედ გეგუთშიც, რუსთავშიც და განსაკუთრებით ქსანში. თუმცა ხონის დაწესებულებაში მაინც შედარებით მსუბუქი რეჟიმი იყო იმ გაგებით, რომ სხვა დაწესებულებებისგან განსხვავებით, წამების ის სტანდარტი რაც სხვაგან იყო- ყოველდღიური ცემა, წამება, აქ შედარებით ნაკლები იყო და ადამიანებს მაინც აქ ერჩივნათ მოხვედრილიყვნენ", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, ევროსაბჭოს სტანდარტით, ერთ პატიმარზე გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო 4 კვადრატული მეტრი, რაც, რა თქმა უნდა, დარღვეული იყო.
"ამას თუ დავუმატებთ ცემას, წამებას, ხანგრძლივ სასჯელებს, როცა პატარა დანაშაულისთვის ადამიანისთვის შეიძლება 15-20 წელი მიესაჯათ, წარმოიდგენთ ადამიანების მდგომარეობას. ასეთ პირობებში ციხეებში დაახლოებით 24 500 პატიმარი იყო, მაშინ როცა ინფრასტრუქტურა 10 000-ზე მეტს ვერ იტევდა.
ჩვენს კომისიაზე ყოფილი პატიმრები ჰყვებოდნენ, რომ საკნებში არა მარტო სივიწროვე იყო, არამედ არ იყო ლეიბი, საწოლი, პირდაპირ ბეტონზე იწვნენ და ხშირად იქაც წყალს უსხამდნენ, ამ მდგომარეობაში იყვნენ რამდენიმე კვირის განმავლობაში, თან ყოველდღიურად სცემდნენ. ეს უკვე ცემის გარეშეც წამებაა, მით უმეტეს, ადამიანები ცემის შედეგად დაავადებულები გამოდიოდნენ ციხიდან და დღემდე შერყეული ჯანმრთელობით არიან. ასეთი პირობების გამო იყო ამდენი გარდაცვალების შემთხვევა და ტუბერკულოზის საოცარი გავრცელება. ასეთ საკნებში, სადაც ჰაერი არ მოძრაობდა, ტუბერკულოზით დაავადებულ ერთ პირს შეუშვებდნენ ჯანმრთელ ადამიანებთან და რამდენიმე კვირის შემდეგ ყველას ტუბერკულოზი ჰქონდა. ეს იყო აბსოლუტურად შეგნებული პრაქტიკა იმისთვის, რომ ეს ადამიანები წელში გაეტეხათ", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
კომისიის წევრის, ილია ინჯიას შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ კომისია იმ რეალობას გაეცნო, რა რეალობაშიც პატიმრები იყვნენ.
"ჩვენ ვიხილეთ როგორი პირობები იყო ხონის სასჯელაღსრულების ამ დაწესებულებაში. აღმოჩნდა, რომ თურმე ეს პირობები სანატრელი ყოფილა პატიმრებისთვის და აქ მოხვედრისთვის ხალხი ლოცულობდა. იმ ციხეებიდან მხოლოდ ეს შენობაა დარჩენილი, დანარჩენი უკვე აღარ არსებობს. ყველამ იცის დღევანდელი რეალობა რაც არის, ახალი შენობები და ახალი პირობებია", - განაცხადა ილია ინჯიამ.