რუსეთმა უკრაინას „სამშვიდობო მემორანდუმი“ გადასცა, რომელიც უკრაინის მიმართ მოთხოვნებს შეიცავს.
„აქსიოსი“ უკრაინის მთავრობის ერთ-ერთ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი მემორანდუმის საფუძველზე ისევ ითხოვს უკრაინის ჯარების სრულ გაყვანას დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებიდან.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა ასევე შესთავაზეს უკრაინიდან გატაცებული ათი ბავშვის დაბრუნება 10 ივლისისთვის, თუმცა უკრაინელები აცხადებენ, რომ ეს ბავშვების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომლებიც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიიდან გაიყვანა.
უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის მოლაპარაკებათა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ შეხვედრაზე უარყო, რომ რუსეთმა ათიათასობით უკრაინელი ბავშვი გაიტაცა და ამას პროპაგანდა უწოდა.
„შეწყვიტეთ გიჟური ციფრების სროლა. ყველას დავაბრუნებთ, ვინც რუსეთის ფედერაციაშია. გატაცებას ადგილი არ ჰქონია. რუსი ჯარისკაცები არ იტაცებენ ადამიანებს. მათ ისინი მხოლოდ იმიტომ გადაარჩინეს, რომ მათი სიცოცხლე საფრთხეში იყო. ნუ მოაწყობთ სპექტაკლს ევროპელი თანამგრძნობი დეიდებისთვის, რომლებსაც თავად შვილები არ ჰყავთ“, – განაცხადა ვლადიმერ მედინსკიმ შეხვედრაზე.