კოკოითი რუსული თანხების გაფლანგვისთვის რუსებს იჭერს

კოკოითი რუსული თანხების გაფლანგვისთვის რუსებს იჭერს

ცხინვალის წინასწარ დაკავების იზოლატორში რუსმა მეწარმემ, სვეტლანა ოსიპოვამ შიმშილობა გამოაცხადა.

Коммерсант – ის ინფორმაციით, კისლოვოდსკის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების „ასტერიას“ გენერალური დირექტორი ცხინვალელმა სამართალდამცავებმა თაღლითობის ბრალდებით, ივნისის დასაწყისში დააკავეს.

რუსი ქალბატონი თავს უდანაშაულოდ თვლის და საპატიმროში არსებულ ცუდ პირობებს აპროტესტებს. შიმშილობის გზით, მას პირველ რიგში მოსკოველ ხელისუფალთა ყურადღების მიპყრობა სურს.

ოსიპოვას ფირმა ცხინვალში სახლებს აშენებდა. სამშენებლო სამუშაოები ცხინვალის რეჟიმისათვის მოსკოვის მიერ გამოყოფილი დახმარებებით ფინანსდებოდა.

პროკურატურა მეწარმეს ხარჯთაღრიცხვის ხელოვნურ გაზრდაში ადანაშაულებს. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ოსიპოვამ 838 ათასი რუბლი მიითვისა.

ოსიპოვა აცხადებს, რომ მის მიერ გაწერილი ხარჯთაღრიცხვა დასაბუთებულია. მისი სიტყვებით, ძალოვანები მას ფაქტიურად მოგების მიღებაში ადანაშაულებენ.

საპატიმროში არსებულ სიტუაციას ქალბატონი აფასებს, როგორც შემზარავს. მისი სიტყვებით, პატიმრებს სძინავთ დახუთულ კამერებში და სჭამენ სალაფავს, რომელშიც ხშირად მატლები და ჭიებია.

რუსეთის საელჩო აცხადებს, რომ მათთვისაც ცნობილია ცხინვალის საპატიმროში არსებული პირობების შესახებ, თუმცა ამის მიზეზად უსახსრობა სახელდება.

საელჩოში აცხადებენ, რომ თავისი მოქალაქის დასაცავად ცხინვალის რეჟიმის საგარეო უწყებაში რამდენიმე ნოტა გააგზავნეს. ოსიპოვა და მისი ახლობლები კი თვლიან რომ ეს მხოლოდ ფორმალობაა და რეალური დახმარების მიღების მოთხოვნით, მოსკოვში პიკეტების ორგანიზებას გეგმავენ.

საინტერესოა, რომ აქამდე სწორედ რუსი მეწარმეები და მოსკოველი ჩინოვნიკები ადანაშაულებდნენ კოკოითის ხალხს კორუფციაში და მოსკოვიდან გამოყოფილი სახსრების დატაცებაში. როგორც ჩანს, ცხინვალში გადაწყვიტეს „იქით შეედავეს“ პრინციპით იმოქმედონ.