53 სკოლის მოსწავლეების  „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“(VIDEO)

53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“(VIDEO)

გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი სთვლის ის არსებულ სივრცეში, ბავშვების მიერ თამამად გაგზავნილი მნიშვნელოვანი მესიჯია.

ვიდეოში 53-ე სკოლის რამდენიმე მოსწავლე მადლობას უხდის სკოლის დირექტორს ტარას შავშიშვილს იმისთვის, რომ ის ყველაფერს აკეთებს მათი სკოლის „საკეთილდღეოდ“, იმისათვის, რომ მათ სკოლაში „არ“ იზღუდება სიტყვის თავისუფლება, რომ დირექციასა და მანდატურებს შორის „ახლო და მეგობრული“  ურთიერთობაა, რომ განსაკუთრებულად „დაცულად“ გრძნობენ თავს.

როგორც მოსწავლეები ვიდეოში ამბობენ, ისინი ძალიან „ბედნიერები“ არიან ამ ყოველივეთი და ყველას უსურვებენ, რომ ისეთი „კარგი“ დირექტორი ჰყავდეთ, როგორც ტარას შავშიშვილია.

ვიდეორგოლის პირველ კადრებში მოსწავლეები ახლო ხედით არიან გადაღებული, ბოლო მოსწავლის სიტყვის დასრულების შემდეგ ხედი ფართოვდება და კადრში,   მუხლებზე დაჩოქილი ბავშვები ჩნდებიან. რამდენიმე წამში კადრში უცხო ადამიანი შემოდის, რომელიც რწმუნდება თუ არა, იმაში რომ ყველაფერი დავალებისამებრაა გადაღებული, „ვითომ“ ნიღბიან და იარაღიან პირებს, მათ გათრევას სთხოვს.  „შემდეგი!“ – ისმის ხმა ვიდეორგოლის დასასრულს.

ვიდეორგოლი დაახლოებით, 2000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა,- საზოგადოების დიდ ნაწილს ბავშების ეს ნაბიჯი იმედს უბრუნებს, იმისა, რომ ეს თაობა  არსებული ვითარებისადმი გულგრილი არ არის  და სკოლებში გამეფებულ უსამართლობას ყველაზე კარგი ხერხებით ებრძვის.

  „2 წუთში მოახერხეს ამ ბავშვებმა შაშკინის დამპალი რეფორმის ნამდვილი სახის ჩვენება!“, „აი ასეთი აზროვნების თაობის უნდა ეშინოდეს სოციალისტური აღმზრდელობის მატარებელ უფროსებს!“, „ეს არის სამოქალაქო აქტივობისა და სოლიდარობის თვალსაჩინო მაგალითი, მე ვამაყობ მომავალი თაობით.“, „ყოჩაღ ახალგაზრდებო! თქვენ საქართველოს მომავალი და იმედი ხართ!“, „კარგები ხართ ბავშვებო, მისაბაძები სხვა სკოლის მოსაწავლეებისათვის“...  ვკითხულობთ სოციალურ ქსელ facebookze  აღნიშნული ვიდეოს კომენტარებში.