ჩვენ დავინახეთ როგორ დაიწყო ცვილის ფიგურების ჯანყი ამ ცვილის ფიგურების მუზეუმის დირექტორის წინააღმდეგ - ქალბატონი სალომეს წინააღმდეგ, რომელმაც ყველაფერი შესთავაზა ე.წ. ოპოზიციურ სპექტრს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა „დღის ქრონიკაში” წამყვანის კითხვაზე კონკრეტულად რა განსხვავებაა ოპოზიციასა და სალომე ზურაბიშვილს შორის არსებულ ერთობა-კოორდინაციის მცდელობებსა და იმ დროინდელ მცდელობებს შორის, რაც არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ იყო.
„ალეგორიულად ვიტყვი, ჩვენ დავინახეთ როგორ დაიწყო ცვილის ფიგურების ჯანყი ამ ცვილის ფიგურების მუზეუმის დირექტორის წინააღმდეგ - ქალბატონი სალომეს წინააღმდეგ, რომელმაც ყველაფერი შესთავაზა ე.წ. ოპოზიციურ სპექტრს, შესთავაზა საკუთარი ვადაგასული პრეზიდენტობის ლეგიტიმურობა, შესთავაზა ტექნიკური მთავრობის შექმნა, კონსტიტუცია ჩაანაცვლა რაღაც ქარტიით. გუშინ გაჟღერდა უკვე პლატფორმის იდეა, რომელმაც, ხაზს ვუსვამ, ცვილის ფიგურები უნდა გაერთიანოს ისევე წარუმატებლად, როგორც ამ ყველაფერს ჩვენ ვხედავთ უკვე წლების განმავლობაში. ეს ქვეყანა ითხოვს და მოწყურებულია ახალ რეალურ ოპოზიციურ სპექტრს, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლებასთან ერთად ამ ქვეყანას გამოიყვანს, კი ბატონო, პოლიტიკური ჩიხიდან და კრიზისიდან, მაგრამ ამ ცვილის ფიგურებზე დაყრდნობით ეს უბრალოდ არ გამოვა, ეს არის გამორიცხული, ამას ძალიან კარგად უწყიან თვითონ ეს ცვილის ფიგურები და ვადაგასული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები, რომლებმაც ყველაფერზე თქვეს უარი, ნებაყოფლობით თქვეს უარი ამ ქვეყნის საკანონმდებლო ადგილობრივ დონეზე მიეღოთ მონაწილეობა და დაეკავებინათ თავისი კუთვნილი ადგილი, რომელიც მათ საკუთარმა ამომრჩეველმა მიანიჭა“, - განაცხადა ქართველიშვილმა.
მისი თქმით, მათ არ უნდათ ამ სახელმწიფოში ცხოვრება, მათ არ უნდათ ამ სახელმწიფოში სუვერენულ, კონსტიტუციურ კალაპოტში არსებულ კანონმდებლობას დაემორჩილონ და თავისი ადგილი იპოვონ და შემდგომში, 5-7 წელიწადში დაარწმუნონ ამომრჩეველთა ფართო სპექტრი, რომ მათი დრო მოვიდა.
„ოღონდ ეს უნდა გაკეთდეს არა პარლამენტთან, არა ქუჩაში, არამედ იმ საკონსტიტუციო კალაპოტში, რასაც არჩევნები ჰქვია, რასაც ჰქვია პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, რაშიც ხელისუფლება, სახელმწიფო არაფერს არ აკლებს, არც პარტიულ დაფინანსებას, არც კონკურენტუნარიან და თავისუფალ გარემოს არჩევნებში მონაწილეობისა. ამ ყველაფერზე ნებაყოფლობით აცხადებენ უარს. დიდი ხანია დაადგნენ დესტრუქციულ, რადიკალურ გზას და ელოდებიან როდის გაისვრის მათი ავრორა, როდის შედგება ის რაღაც რევოლუციური სიტუაცია, რომელიც არ შედგება ამ ქვეყანაში. ეს ქვეყანა გაიზარდა მათ შორის საკუთარ წარსულში დაშვებულ შეცდომების გააზრებაზე და გამორიცხულია დღეს აღსრულდეს ყველაფერი ის, რასაც ისინი ელოდებიან.
გუშინ ჩვენ ამ აქციაზე დავინახეთ მათი ახალი ლიდერი, რომელიც შეგეცოდება, ჩვენი ბანი, სახელოვანი პაატა ბურჭულაძე, რომელიც რაღაც გაუგებარი ლოზუნგებით წარსდგა ჩვენს წინაშე. მისი ძირითადი სლოგანი იყო - „მოდით, რაღაც გავაკეთოთ". ეს მან რამდენიმეჯერ გაიმეორა. ჩვენც ზუსტად ეს გვინდა, მოსახლეობას, რომ რაღაცა მაინც გააკეთონ, დაიწყონ ამ რაღაცის გაკეთება. ამ 20 წლის განმავლობაში ნგრევის გარდა მათ არაფერი გაუკეთებიათ და არ გამოსდით მათ ამ რაღაცის გაკეთება. სასოწარკვეთა იკითხებოდა მის ამ მცდელობაში, რომელმაც ახლა უკვე 8 აპრილი გამოაცხადა რაღაც იმ საკრალურ დღედ, როდესაც უნდა შევიკრიბოთ და ბოლომდე... რას ნიშნავს ეს ბოლო? თუ ოპოზიციის ბოლომდე უნდა შეიკრიბონ, ეს ბოლო უახლოვდება მათ და აუცილებლად არ ასცდება არავითარ შემთხვევაში“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.