ნებისმიერი კინოფესტივალი უპირველეს რიგში კინოს ზეიმი, ახალი ფილმების შეფასებისა და მრავალი კოლეგის თავშეყრის ადგილია. თითოეული პრესტიჟული კინოდათვალიერების მუდმივი შემადგენელი ატრიბუტი მასთან დაკავშირებული სკანდალებია. მიღებულია აზრიც, რომ თუ ფესტივალზე რაიმე “საგანგებო” ფაქტი არ დაფიქსირდა, მას აუცილებლად გამოიგონებენ.
იშვიათობას არ წარმოადგენს პოლიტიკური სახის კონფლიქტებიც და მის გადაჭრაში, მასში მონაწილე პირების ქვეყნების ოფიციოზი მონაწილეობს.
1963 წლის მოსკოვის კინოფესტივალზე დიდი ომი გაჩაღდა ფედერიკო ფელინის შედევრის “რვანახევრის” ირგვლივ. ამ ფილმის ჩვენებაზე საბჭოთა ქვეყნის იმდროინდელ ლიდერს ნიკიტა ხრუშჩოვს ჩაეძინა. ალბათ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ფესტივალის ჟიურის, საბჭოთა პარტიულმა ფუნქციონერებმა “ურჩიეს” რომ მთავარი პრიზი საბჭოთა სურათს “გაიცანით, ბალუევი” გადასცემოდა.
ფელინიზე დიდი ზეწოლა განხორციელდა რათა თავისი ფილმი კონკურსიდან მოეხსნა. მას თავდაპირველად ცნობილი რუსი რეჟისორი სერგეი გერასიმოვი მიუგზავნეს, მაგრამ ამაოდ. ფედერიკო ფელინი შეუვალი იყო. ამის შემდეგ სამჭოთა ჩინოვნიკებმა ბრძოლის სხვა გზა აირჩიეს. გადაწყვიტეს ჟიურის თავმჯდომარის გრიგორი ჩუხრაისთვის მოევლოთ. რეჟისორი კრემლში გამოიძახეს და პარტიიდან გარიცხვის მუქარით მოსთხოვეს, რომ პრიზი რუსული ფილმისათვის მიეცა.
ამასობაში განხეთქილება დაიწყო თვითონ ჟიურის შემადგენლობაშიც. სოციალისტური ბანაკის წარმომადგენლები მხარს კომუნისტ მეგობრებს უჭერდნენ, “კაპიტალისტი” კინორეჟისორები კი ფელინის ემხრობოდნენ. საბედნიეროდ საღმა აზრმა მაინც გაიმარჯვა და იტალიელი ფელინი მოსკოვიდან მთავარი პრიზით გაემგზავრა.
პოლიტიკა კინოფესტივალების მუშაობაში კიდევ რამდენჯერმე ჩაერია. 1979 წელს ბერლინის კინოფესტივალის პროგრამაში შეტანილი იყო მაიკლ ჩიმინოს სურათი “ირმებზე ნადირობა”. მისი ჩვენების დღეს პროტესტით გამოვიდა საბჭოთა დელეგაცია, რომელმაც ჩათვალა რომ ეს ფილმი ვიეტნამელთა გრძნობებს შეურაცხყოფდა. მეორე დღეს საბჭოელებმა, ხო-ში-მინის თანამემამულეებმა და პრაქტიკულად ყველა სოციალისტური ქვეყნის დელეგაციამ ფესტივალი პროტესტის ნიშნად მიატოვა.
1970 წლის ბერლინის კინოფესტივალი ჩაიშალა და ამისი მიზეზი მიხეილ ვერჰოვენის ფილმი აღმოჩნდა, სადაც მისი მთავარი გმირი, ვიეტნამელი ქალიშვილი, ოთხმა ამერიკელმა ჯარისკაცმა გააუპატიურა და მოკლა. ჟიურის თავმჯდომარე, კინორეჟისორი ჯორჯ სტივენსი იყო. სურათის სიუჟეტით შეურაცხყოფილმა, მან კონკურსიდან მისი მოხსნა მოითხოვა. მაგრამ ჟიურის ერთ-ერთი წევრი, იუგოსლავიელი რეჟისორი დუშან მაკავეევი მას არ დაეთანხმა და ეს საკითხი განსასჯელად გაიტანა. შედეგი ფატალური აღმოჩნდა: ჟიური გადადგა, კონკურსი შეწყდა და მისი ყველა მონაწილეც პრიზების გარეშე დარჩა.
ჩაშლა ემუქრებოდა 1988 წლის ვენეციის ფესტივალსაც. სკანდალი მარტინ სკორსეზეს ფილმის “ქრისტეს უკანასკნელი ცდუნების” ირგვლივ დატრიალდა. კათოლიკებმა ეს სურათი კატეგორიულად არ მიიღეს და კინოფესტივალის ორგანისატორებსაც სხვადასხვა ტერორისტული აქტებით დაემუქრნენ. საბედნიეროდ ყველაფერმა ექსცესების გარეშე ჩაიარა.
1968 წელს ჩაიშალა კანის კინოფესტივალი. ამისი მიზეზი კი ფრანგი ახალგაზრდობის რევოლუცია აღმოჩნდა. ცნობილი რეჟისორები ლუი მალი (ჟიურის თავმჯდომარე), რომან პოლანსკი, კლოდ ლელუში, ფრანსუა ტრიუფო და ჟან-ლიუკ გოდარი წინადადებით გამოვიდნენ, სტუდენტებისა და გაფიცული მუშებისათვის სოლიდარობის გამოხატვის ნიშნად, უარი ეთქვათ კინოფორუმის ჩატარებაზე.
ამ საქმეში წვლილი თავად მსახიობებმაც შეიტანეს. მაგალითად კარლოს საურამ და ჯერალდინ ჩაპლინმა პირადად ჩაშალეს თავიანთი ფილმის “პიტნის კოქტეილის” ჩვენება. ისინი ფარდას ჩამოეკიდნენ და არ მისცეს გახსნის საშუალება. რასაკვირველია ეს ფესტივალი ჩაიშალა.