კინო თანამედროვე ხელოვნების ის დარგია, რომელიც განსაკუთრებული დემოკრატიულობით გამოირჩევა. კინემატოგრაფი ერთნაირად უყვარს როგორც დიდს, ასევე პატარას, როგორც უბრალო მოქალაქეს, ასევე ცნობილ ბიზნესმენს ან მეცნიერს. კინოხელოვნება ნებისმიერი ჩვენთაგანისათვის უფრო ადვილი და მარტივი გასაგებია ვიდრე მხატვრობა, არქიტექტურა ან მუსიკა.
თავისი გავრცელებისა და პოპულარობის გამო კინოს ერთგვარი იდეოლოგიური დატვირთვაც ენიჭება. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ამერიკულ ჰოლივუდში მკვეთრად გაიზარდა პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული ფილმების რაოდენობა. ამავე პერიოდის ნაცისტურ გერმანიაში კი ქვეყნის მთელი კინოინდუსტრია ფაშისტური იდეოლოგიის სამსახურში იყო ჩაყენებული. კინოხელოვნებას განსაკუთრებული დატვირთვა კომუნისტური წყობის ქვეყნებში ჰქონდა. გვახსოვს მრავალი საბჭოთა ფილმი, რომელშიც პროლეტარიატის კლასის წარმომადგენლები ჩვენი ყოფილი დიადი სამშობლოს ნათელ და ბრწყინვალე მომავალს აშენებდნენ.
ნებისმიერი ქვეყნის პირველი პირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მინიჭებული ძალაუფლების მიუხედავად უბრალო მოკვდავებისათვის დამახასიათებელ სისუსტეებსაც ამჟღავნებენ. ამ “ნაკლოვანებებში” შედის კინოს დიდი სიყვარულიც. ნამდვილად ვერ შევადგენ კატალოგს, სადაც სხვადასხვა პრეზიდენტების კინომიდრეკილებები იქნება ჩამოთვლილი. საბედნიეროდ ამ პროფესიის ზოგიერთ წარმომადგენელზე ამ სახის ინფორმაციები მაინც მოიძებნება.
ვერაფერს ვიტყვი საქართველოს ამჟამინდელი პირველი პირების კინოგემოვნების შესახებ. საბჭოთა კავშირის ყოფილ ლიდერებზე კი ცნობილია, რომ კინოხელოვნებით დაინტერესება მათთვის უცხო ხილი არ იყო. მაგალითად იოსებ სტალინი მრავალ ახალ სურათს პირადად ნახულობდა და შესაბამის რეკომენდაციებსაც იძლეოდა.
„კეთილი მოხუც“ გენსეკს, ლეონიდ ბრეჟნევს განსაკუთრებით ლეგენდარული სერიალი „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“ ჰყვარებია. მეორე მსოფლიო ომის თემაზე გადაღებული ეს სურათი ისე მოსწონებია, რომ მისი მთავარი გმირის, ისაევი-შტირლიცის მოძებნა და მისთვის ლენინის ორდენის გადაცემა განუზრახავს. საბედნიეროდ მრჩევლებმა დაარწმუნეს, რომ შტირლიცი მოგონილი პერსონაჟი იყო და კინომანი გენსეკიც ვიაჩესლავ ტიხონოვს თავდაპირველად პირადად გაეცნო, შემდეგ კი ეს უკანასკნელი შტირლიცისათვის განკუთვნილი ორდენითაც დააჯილდოვა...
საერთოდ ლეონიდ ილიას-ძეს მსოფლიო კინოხელოვნებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. მისი „სცენარების“ მიხედვით ხომ ერთდროულად სამი ფილმი: „ყამირი“, „მცირე მიწა“ და „აღორძინება“ გადაიღეს. სამწუხაროდ ამ „შედევრებმა“ რომელიმე პრესტიჟულ კინოფესტივალებამდე ვერ მიაღწია და მხოლოდ ჭეშმარიტი კინომანების მეხსიერებაში დაიკავა ადგილი.
სინემათი ანუ კინოთი სხვა კომუნისტური ლიდერებიც იყვნენ გატაცებულები. იმ დროს, როდესაც საკუთარ ქვეყნებში ყოველივე ამერიკული და დასავლეთური აკრძალული ჰქონდათ, პირად კინოთეატრებში საყვარელ ჭიას ახარებდნენ და „კაპიტალისტური სულუსკვეთების“ მატარებელ სურათებს თავდავიწყებით უყურებდნ. ჩინელ მაო-ძე-დუნს ამერიკული ბოევიკები მოსწონდა, მისი კორეელი კოლეგა კიმ-ერ-სინი ოკეანისგაღმურ ვესტერნებს აღმერთებდა, რუმინელი ნიკოლაე ჩაუშესკუ კი ფრანგულ „ანჟელიკას“ და ამერიკულ მძაფრსიუჟეტიან სურათებს უყურებდა. ეს უკანასკნელი ეროტიული და პორნოგრაფოული ფილმებითაც იყო გატაცებული.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტ ბარაქ ობამას დაბადებიდან ორმოცდაათი წელი შეუსრულდა. ეთნიკური კენიელი, მაგრამ ამერიკის მოქალაქე ბარაკ ჰუსეინ ობამა თავის საყვარელ კინოფილმად ასახელებს კლასიკას, კერძოდ კი ფილმ “კასაბლანკას”, ჰემფრი ბოგარტის მონაწილეობით მთავარ როლში. ნამდვილად მართლები იყვნენ ის მიმომხილველები, რომლებიც ამტკიცებენ რომ ბარაკ ობამა თავისი ქვეყნის პოლიტიკურ ელიტაში განსაკუთრებით დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა.