გია ყრუაშვილი: ხარაგაულის მოსახლეობას თავად უწევს ამორტიზებული ტრაქტორების შეკეთება

გია ყრუაშვილი: ხარაგაულის მოსახლეობას თავად უწევს ამორტიზებული ტრაქტორების შეკეთება

„საქართველოს ხელისუფლებამ პომპეზურად დაიწყო „ტრაქტორიზაციის კამპანია“. სახელისუფლებო მედია ყოველდღიურად აშუქებს, რომ საქართველოს ამა თუ იმ რეგიონს ხელისუფლებამ საჩუქრად ასობით ტრაქტორი გადასცა და რომ ეს სოფლის მეურნეობის აღორძინების დასაწყისია.

რეალურად, საქმე გვაქვს ე.წ. „კარუსელთან“. კერძოდ, ხელისუფლება სხვადასხვა რეგიონებში ერთი და იგივე ტრაქტორებს აგზავნის. ამის შესახებ „თავისუფალმა საქართველომ“ გააკეთა განცხადება და ამის ამსახველი მასალაც გააცნო საზოგადოებას“, - განაცხადა პარტიის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელმა გია ყრუაშვილმა.

ყრუაშვილის განმარტებით, უდიდესი პრობლემების წინაშე დგას ხარაგაულის რაიონის სოფლები. გაზაფხული სრულდება და ხარაგაულში პრაქტიკულად არვის აქვს მიწა დამუშავებული. მოსახლეობას თავად უწევს ამორტიზებული ტექნიკის შეკეთება, ისინი საკუთარი სახსრებით ყიდულობენ ნაწილებს ხელისუფლების მიერ სამადლოდ დატოვებული ორიოდე ტრაქტორისთვის.

ყრუაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას „თავი დაანებოს ფიარ-კამპანიების წარმოებას და რეალურად იზრუნოს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. სოფლის მექანიზაციის პროექტის განხორციელებისთვის გამოყოფილი ხარჯები კოლოსალურია და უნდა მოხდეს მათი მიზნობრივად განკარგვა“.

პარტია გეგმავს საპროტესტო კამპანიის დაგეგმვას ხელისუფლების მიერ მოტყუებული მოსახლეობის დასაცავად.