ლუის ნავაროს: NDI საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება

ლუის ნავაროს: NDI საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება

 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორის ლუის ნავაროს განცხადებით, NDI -ს  2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლები ეყოლება. ამის შესახებ ნავარომ დღეს „თბილისი მარიოტში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. შეხვედრაზე  მედიის პრობლემატიკა, ჟურნალისტებზე ზეწოლისა და წინასაარჩევნო პერიოდში მედიის საქმიანობის საკანონმდებლო რეგულირების პრობლემები განიხილეს.

„ჩვენ დავაკვირდებით როგორც არჩევნების წინა პერიოდს, ასევე საარჩევნო პროცესს. ჩვენი პროექტის ფარგლებში რეგიონულ ტელევიზიებთან ვმუშაობთ. ყველა იმ საკითხით ვართ დაინტერესებული, რომელზეც დღეს იყო საუბარი. მოხარული ვიქნები, თუ ხელისუფლება ჟურნალისტებს მათი საქმიანობის განხორციელების საშუალებას მისცემს. აქ იმიტომ არ ვართ, რომ შეფასებები ვაკეთოთ. წინასაარჩევნოდ ჩვენ გვეყოლება სადამკვირვებლო მისია, რომელიც მედიაში არსებულ ვითარებას დააკვირდება“,- აცხადებს ლუის ნავარო.

ნავარომ ასევე კახა კუკავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შეეხო, სადაც კუკავამ NDI-ის კვლევას არაობიექტური უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნულ კვლევაში "თავისუფალი საქართველო" საერთოდ ამოღებული იყო. ნავაროს თქმით, „კუკავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და როგორც ჩანს, მას არასწორი ინფორმაცია აქვს“.

 

„სამწუხაროდ, პარტიული რეიტინგების შესახებ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, მაგრამ ის რაც კუკავამ განაცხადა, არასწორია. ჩვენ პარტიული რეიტინგების შესახებ კონკრეტულად არც გვისაუბრია და შესაბამისად, კუკავამ არც იცის რა წერია კვლევის შედეგებში", - განაცხადა ნავარომ.