ნანა კაკაბაძე: „პატიმრობის შესახებ“  კანონში ცვლილებები  ნოუჰაუ და დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი არაა

ნანა კაკაბაძე: „პატიმრობის შესახებ“ კანონში ცვლილებები ნოუჰაუ და დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი არაა

ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ლაშა თორდიას ინიციატივას, რაც  „პატიმრობის შესახებ“  კანონში ცვილებებს და ქალი პატიმრებისთვის დამატებითი უფლებების მინიჭებას  კონკრეტულად კი,  ქალი პატიმრებისთვის პაემნის ახალი სახე – საოჯახო პაემანის შემოღებასა და  წახალისების ფორმით სატელეფონო საუბრის  შეუზღუდავად ყოფნას გულისხმობს დადებითად აფასებს, თუმცა ხაზგასმით  აღნიშნავს, რომ ეს რაღაც ნოუჰაუ და დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი არაა.  

კაკაბაძის განცხადებით, ეს  წარსულისკენ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ასეთი ინიციატივა წლების წინ, საბჭოთა კავშირის დროსაც იყო და ამ ხელისუფლებამ ალაგმა.

„ზოგადად ინიციატივა კარგია ვინაიდან დღეს, მკაცრი და დაუნდობელი კანონმდებლობა არსებობს და ეს კანონმდებლობა ფაქტიურად,  ქალებს და კაცებს ერთნაირად ეხება.  ხშირ შემთხვევაში, პატიმარი ქალების ოჯახის  დანგრევის საფუძველი პაემნების არ არსებობაა.  მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი შესაძლებლობები საოჯახოს დაარქმევენ, ოჯახურს თუ ქალაქურს მნიშვნელობა  არ აქვს, კომუნისტების დროსაც კი იყო, როცა მე  პატიმარი ვიყავი. ეს ყველაფერი საქართველოში  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც ბაჩო ახალაიას რეჟიმამდე არსებობდა. შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და გამკაცრდა. პატიმრებს ჩამოერთვათ ის უფლებები, რომლებიც გააჩნდათ და ამან ციხეში მდგომარეობა უფრო გაუსაძლისი გახადა. მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა მისასალმებელია, ნუ დაგვავიწყდება რომ ეს ყველაფერი გასულ წლებშიც იყო და   არსებული რეალობიდან კიდევ უკეთესის მიღება გვსურდა.  ახლა უკეთესად მიგვაჩნია, რომ  არსებული წაართვეს პატიმრებს და უბრუნებენ“,-განაცხადა კაკაბაძემ.

კაკაბაძე ხელისუფლების ამ ინიციატივას პოლიტიკური რეალობაში ახალი ოპოზიციონერი კონკურენტის, პოლიტიკური კოალიცია  „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის  გამოჩენას უკავშირებს.

„რეალური პოლიტიკური კონკურენტი რომ არ გაჩენილიყო გარწმუნებთ, რომ  ხელისუფლება ამ ინიციატივით არ შემოვიდოდა“,-განაცხადა კაკაბაძემ და  დასძინა, რომ „ეს  რაღაც დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი კი არა,  წარსულისკენ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ამ ხელისუფლებამ არსებული კარგი ინიციატივები ალაგმა“,-განაცხადა კაკაბაძემ.